ქეთი არჯენიშვილი
28-31 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის კრივის სპეციალიზირებულ სპორტულ სკოლაში
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გორში კრივის ფუძემდებლის გიორგი (ჟორა) კარელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
კახეთიდან ასპარეზობდნენ ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სპორტსმენები. გურჯაანიდან ტურნირზე თავი ისახელა და საქართველოს ჩემპიონი გახდა 15 წლის დათო ფურცელაძე.
როგორც მისი მწვრთნელი თამაზ ლაზაშვილი განმარტავს, ეს გამარჯვება მისთვის საამაყო და სასიხარულოა. "მინდა გითხრათ, რომ დათომ მართლაც კარგად იასპარეზა და შედეგით კმაყოფილი ვარ. მან მთელი გურჯაანი ასახელა და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს გამარჯვება მართლაც საამაყოა. შეჯიბრში ჩვენი რაიონიდან ორი გუნდი მონაწილეობდა, კახეთიდან კი დაახლოებით 30-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა და ასეთი შედეგი ნამდვილად სასიხარულოა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტურნირზე წარსადგენად ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი," _ განმარტა კრივის მწვრთნელმა თამაზ ლაზაშვილმა.
აღნიშნულ ტურნირში გურჯაანიდან მონაწილეობდნენ ზაქრო ბუზალაძის სპორტსმენებიც (ერთ-ერთმა მათგანმა მეორე ადგილი დაიკავა).
დათო ფურცელაძისთვის ეს გამარჯვება პირველი არ ყოფილა. როგორც თავად ამბობს, სხვადასხვა შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა. ბაქოში ალიევის თასზე გამართულ ტურნირში იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა, არის ევროპის პრიზიორი, გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეს წოდება წელსაც შეინარჩუნა და ა.შ. "ამ ტურნირზე შევხვდი ქუთაისელ ლაშა ახალაძეს, რომელიც ძალიან კარგად იყო მომზადებული, მიუხედავად ამისა, მისი დამარცხება მაინც არ გამჭირვებია და პირვლი ადგილის მფლობელი გავხდი. გადმომცეს ოქროს მედალი და სიგელი. ჩემი ჩხუბით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი შეიძლებოდა. შემდგომში კი უფრო მობილიზებული ვიქნები. ჩემი გამარჯვებით გურჯაანი ვასახელე და ამით კმაყოფილი ვარ. პირველობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა, რომ შემდგომში ყველა შეჯიბრზე კარგი შედეგები აჩვენო," _ გვითხრა 15 წლის ჩემპიონმა დათო ფურცელაძემ, რომელიც დაახლოებით 4 წელია, რაც კრივში ვარჯიშობს.
როგორც კრივის მწვრთნელმა თამაზ ლაზაშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გურჯაანში უნდა ჩატარდეს, რისთვისაც გურჯაანელები აქტიურად ემზადებიან.
მასალის გამოყენების პირობები