ქეთი არჯენიშვილი
სკოლებს შორის გამართულ რაიონულ სპარტაკიადაზე გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლამ ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და აგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით სპარტაკიადა თითქმის ყოველ წელს ტარდება და სპორტის სხვადასხვა სახეობაში სკოლის გუნდები ერთმანეთს აქტიურად ეჯიბრებიან.
"გინმაზია სისტემეტურად გამოდის სხვადასხვა ტურნირებზე და ხშირად საპრიზო ადგილებსაც იკავებს. წელსაც საკმაოდ კარგი შედეგები ვაჩვენეთ, ფრენბურთში და ჭადრაკში ოქროს მედლები მოვიპოვეთ. გადმოგვცეს დიპლომები და მედლები, ასევე გვპირდებიან გარდამავალ თასს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და შედეგით კმაყოფილი ვარ. აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ჩვენს სკოლაში ფრენბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის ძალიან კარგი ბაზა გვაქვს და გაკვეთილები შესანიშნავად ტარდება. ამიტომაც გამარჯვებას მიჩვეულები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს წარმატებაც მნიშვნელოვანია, რადგან, ფაქტობრივად, ჩემი შრომის შედეგია და მიხარია," _ განმარტა გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა ლენა ზარდიაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა რაიონული შეჯიბრებებისა, გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლა იწყებს შიდა სპარტაკიადებს ფრენბურთში, ფეხბურთსა და კალათბურთში, რაც ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი და სასიხარულოა თავად მოსწავლეებისთვის.
"ჭადრაკში დაახლოებით 7 გუნდი მონაწილეობდა, ფინალში კი ქალაქის #1 საჯარო სკოლას შევხვდით და მოვიგეთ. პირადად მე სხვა დროსაც მიმიღია მონაწილეობა, როგორც რაიონულ, ასევე ზონალურ შეჯიბრებებში. ეს გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. როგორც ვიცი, გაზაფხულზე კიდევ იგეგმება სპარტაკიადა და ჩვენი გუნდი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას," _ გვითხრა გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ რუსუდან ჯოხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები