ქეთი არჯენიშვილი
30 ოქტომბერს ქალაქ თელავში კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა შესარჩევი ტურნირი კიკბოქსინგში. მასში წარმატებით გამოვიდნენ გურჯაანელი სპორტსმენები.
"ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებში, რათა ჩვენმა სპორტსმენებმა უფრო მეტი გამოცდილება შეიძინონ და იყვნენ წარმატებულები. ტურნირზე ჩემი მოსწავლეების გამოსვლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მომავალში უკეთესი შედეგისთვის ვიბრძოლებთ," _ აღნიშნა კიკბოქსინგის სკოლა `ამირანის~ შეფ-ინსტრუქტორმა, სპორტის ოსტატმა ამირან ანჯაფარიძემ.
ტურნირზე ოქროს მედლისა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა კლუბ `ამირანის~ სპორტსმენი ზურა ზარდიაშვილი (60 კ.გ. წონით კატეგორია), მეორე ადილზე გავიდა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ლუკა ჯაჭვაძე (25 კ.გ. წონითი კატეგორია), ხოლო ტურნირის პრიზიორები გახდნენ ლევან პეტრუზაშვილი, ბექა ყაჭიური და თორნიკე სიმონიშვილი.
"დაახლოებით სამი თვეა, რაც კიკბოქსინგში ვვარჯიშობ. ეს ჩემთვის პირველი შეჯიბრი იყო და მიხარია, ასეთი წარმატებული გამოსვლა რომ მქონდა. ბრძოლის ეს სტილი ძალიან მომწონს და გადაწყვეტილი მაქვს, ამ მიმართულებას ბოლომდე გავყვე," _ გვითხრა პირველი ადგილის მფლობელმა ზურა ზარდიაშვილმა.
6 წლის ლუკა ჯაჭვაძე უკვე მესამე წელია, რაც ვარჯიშობს და სხვადასხვა ტურნირებზეც წარმატებით გამოდის. ის კიკბოქსინგის სკოლა `ამირანის~ ყველაზე მცირეწლოვანი სპორტსმენია.
"მართალია, ცოტა გამიჭირდა ეს ბრძოლა, მაგრამ ჩემი ასპარეზობით მაინც კმაყოფილი ვარ. კიკბოქსინგი ძალიან მიყვარს და ვარჯიშს აქტიურად ვაგრძელებ. მინდა, სხვა შეჯიბრებებში უკეთესი შედეგი ვაჩვენო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო," _ ამბობს მეორე ადგილის მფლობელი ლუკა ჯაჭვაძე.
სკოლა `ამირანი~ უკვე მეშვიდე წელია, რაც არსებობს და როგორც მისი ხელმძღვანელი ამირან ანჯაფარიძე აღნიშნავს, მშობლების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. მისი სპორტსმენები ფინანსური პრობლემების მიუხედავად თითქმის ყველა ტურნირზე ახერხებენ მონაწილეობას და წარმატებასაც აღწევენ.
მასალის გამოყენების პირობები