ქეთი არჯენიშვილი
უკვე რამდენიმე დღეა, რაც გურჯაანში მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებს შორის სპორტული სპარტაკიადა მიმდინარეობს. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში.
ასეთი სახის ტურნირი თითქმის ყოველწლიურად ტარდება და უკვე ტრადიციული ხასიათიც მიიღო.
სოფელ გურჯაანის საჯარაო სკოლის დირექტორი რუსუდან მამულაშვილი სპარტაკიადის მოწყობის იდეას დადებითად აფასებს. "ძალიან კარგია, როცა მსგავსი შეჯიბრები ტარდება და სკოლის მოსწავლეები მასში აქტიურად არიან ჩართულები. კალათბურთი მანამდე არ ისწავლებოდა და ასე ვთქვათ, ინოვაციაა. ამის მიუხედავად, ჩვენმა მოსწავლეებმა მაინც კარგი შედეგი აჩვენეს, რის გამოც კმაყოფილები ვართ," _ განმარტა რუსუდან მამულაშვილმა. მსგავსი ტიპის შეჯიბრებების მოწყობა თავად პედაგოგებისთვისაც მნიშვნელოვანია.
"საერთოდ, კარგია, როცა სკოლებს შორის სპარტაკიადა იმართება. ძალიან გამიხარდა ჩვენი სკოლის მოსწავლეების წარმატებული გამოსვლა და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს ვაჩვენებებთ," _ განმარტა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა ციცინო ქაჩლიშვილმა. ამ სკოლიდან შეჯიბრში IX-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ მეორე ადგილი დაიკავეს.
"ჩვენი მოსწავლეები პირველად გიმნაზიის ნაკრებს შეხვდნენ, ფინალში კი _ ახაშნის საჯარო სკოლას და მეორე ადგილზე გავიდნენ," _ განმარტა ფიზკულტურის მასწავლებელმა ანა რუაძემ.
შეჯიბრში მონაწილეობით კმაყოფილები არიან მოსწავლეებიც, თუმცა, სამომავლოდ შედეგების გაუმჯობესებაზე ფიქრობენ.
"საერთოდ, მიყვარს კალათბურთი და ვთამაშობ ხოლმე. სპარტაკიადაში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მართალია, მეორე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ იმედია, მომავალში პირველზე გავალთ. ამით ჩვენი სკოლის ღირსება დავიცავით. საერთოდაც, სპორტი ჯანსაღი ცხოვრების წესია და კარგი იქნებოდა ყველა აქტიურად რომ იყოს ჩართული," _ გვითხრა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ელიზბარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები