რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე, კიკბოქსინგის კლუბ "ამირანის" ერთ-ერთი სპორტსმენი თამარ მთივლიშვილი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
როგორც სპორტის ოსტატი, შეფ-ინსტრუქტორი ამირან ანჯაფარიძე აღნიშნავს, შედეგით კმაყოფილია.
კლუბი "ამირანი" უკვე 10 წელია ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში სპორტსმენებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს.
უკვე სამი წელია რაც თამარი ამ კლუბის წევრი გახდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თავიდან ძმას მოჰყვა და იმდენად გაიტაცა სპორტის ამ სახეობამ, რომ გადაწყვიტა ვარჯიში თვითონაც დაეწყო.
-"ჩემი ძმა ამირან მასწავლებელთან მეცადიონეობს. რამდენჯერმე მოვყევი ვარჯიშზე და ბოლოს იმდენად დავინტერესდი, რომ მეც დავიწყე სიარული. ამ ხნის მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიე. 2011 წელს ამიერკავკასიის ჩემპიონი გავხდი. ამავე წელს საქართველოს ხელჩართულ ორთაბრძოლებში მივიღე მონაწილეობა და უკვე მეორედ მომანიჭეს ჩემპიონის ტიტული, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მაინც 2013 წელია, რადგან რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მივიღე. მომავალშიც ვაპირებ, რომ სპორტს გავყვე, იმიტომ, რომ ჩემში დიდ პოტენციალს ვხედავ და მინდა უფრო მეტს მივაღწიო. ყველაფერს თავისუფლად ვასწრებ, სწავლისთვის დრო ყოველთვის მრჩება და ამიტომ სკოლაშიც კარგი შეფასებები მაქვს. პროფესიით მინდა იურისტი გამოვიდე, მაგრამ ეს მომავალში. ჯერჯერობით კი ვარჯიშსაც და სწავლასაც ჩვეულებრივ გავაგრძელებ. უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ," _ გვითხრა ახალგაზრდა სპორტსმენმა.
[caption id="attachment_6040" align="alignright" width="300"]
თამარ მთივლიშვილი კლასის დამრიგებელთა და სკოლის დირექტორთან ერთად[/caption]თამარ მთივლიშვილს დადებითად ახასიათებს ვეჯინის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჯიქიძე.
-"ძალიან კომუნიკაბელური, მხიარული და სხარტი ბავშვია. ამ შეჯიბრებიდან აჩვენა კიდეც, რომ ელვისებური წამიერი მოფიქრების უნარიც აქვს. მეგობრებთან და პედაგოგებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით სარგებლობს. აქტიურად მონაწილეობს საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში, ძალიან მოწესრიგებული და კარგად აღზრდილი მოსწავლეა. ვიცი რომ ამ ასაკში წარმატებები, ბავშვებს ხშირად თავბრუს ახვევს, მაგრამ თამარს ეს არ ეტყობა. მიუხედევად იმისა, რომ სპორტით არის დაკავებული ,სწავლაშიც არ ჩამორჩება. მომავალში ვუსურვებ არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ უფრო მეტ წარმატებას და ეჭვი არ მეპარება, რომ ამას აუცილებლად მიაღწევს. კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ამირანს, რომ დაინტერესებულია იმ საქმით, რაც მას ასე წარმოაჩენს სოფლისა და მოსწავლეების თვალში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი სტრუქტურული დამოკიდებულება არ გვაქვს, მაინც აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან და ბავშვებთან," _ გვითხრა ქალბატონმა მარინამ.
როგორც კლუბ "ამირანის" ხელმძღვანელმა, მწვრთნელმა ამირან ანჯაფარიძემ აღნიშნა, შეჯიბრზე წასასვლელად სპორტსმენებს ფინანსური დახმარება ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნუკრი ჯამატაშვილმა გაუწია.
-"საქართველოს პირველობაზე კიკბოქსინგში, შეხვედრა 6-8 ივნისს თბილისში ჩატარდა. სულ სამი სპორტსმენი მყავდა წაყვანილი. თამარ მთივლიშვილმა ძალიან გვასახელა, პირველ ადგილზე გავიდა და ჩემპიონი გახდა. მოგეხსენებათ, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. გასულ წლებში შეჯიბრებებზე გაჭირვებით, ძირითადად მშობლების ხარჯებით ვახერხებდით წასვლას, მაგრამ დღესდღეობით გახარებულები ვართ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თანადგომას ვხედავთ.
ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნუკრი ჯამატაშვილმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვებს ამ შეჯიბრში მიეღოთ მონაწილეობა. ჩვენც ასეთი ამაღლებული განწყობით წავედით და სოფელი ვასახელეთ. მიუხედევად იმისა, რომ რაიონს სტიქია დაატყდა თავს და ბევრი პრობლემა გაუჩინა, ხელმძღვანელობა მაინც არ ივიწყებს სპორტს და ყველანაირად გვეხმარება, რომ ჯანმრთელი თაობა აღიზარდოს. რაიონმა თამარ მთივლიშვილი ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა, რომელსაც ამ დღეებში გადასცემენ," _ გვითხრა მან.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნუკრი ჯამატაშვილის თქმით, თამარ მთივლიშვილის წარმატება მთელი სოფლისთვის სასიხარულო და საამაყოა.
-"ვიცოდით, რომ ბავშვს სპორტში წარმატებები ჰქონდა და გვინდოდა უფრო მეტისთვის მიეღწია. ეს ყველაფერი ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ შევეცადე მობილიზაცია გამეკეთებინა. დახმარება ჩვენი სოფლის მაცხოვრებლებმა გაგვიწიეს. რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. თამარის გამარჯვება ჩვენი სოფლისა და რაიონის სახელიც არის. ამიტომ ყველანაირი საშუალებით ვეცდებით, რომ ამ კლუბის სპორტსმენებმა წარმატებებს მომავალშიც მიაღწიონ," _ გვითხრა ნუკრი ჯამატაშვილმა.
ამირან ანჯაფარიძის თქმით, ამჟამად კლუბში 21 სპორტსმენი ვარჯიშობს.
-"კლუბში პატარა სპორტსმენებიც გვყავს. ესენი არიან: ბექა მთივლიშვილი _ 8 წლის, რომელიც უკვე სამი ოქროს მედლის მფლობელია; ზურაბ ჯამატაშვილი, რომელიც მართლა სპორტის ამ სახეობისთვის არის დაბადებული; გელა სეფიაშვილი, ნინო მთივლიშვილი _ 9 წლის, რომელიც რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია; თორნიკე მთივლიშვილი საქართველოს და ამიერკავკასიის ჩემპიონია და კიდევ რომელ ერთი ჩამოვთვალო. ისინი წარმატებების მისაღწევად ძალ-ღონეს არ ზოგავენ და თავდადებით ვარჯიშობენ," _ ამბობს სპორტის ოსტატი და შეფ-ინსტრუქტორი ამირან ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, კლუბის ყველა სპორტსმენი ვეჯინიდანაა. ადრე ამ ბავშვებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ გურჯაანში ევლოთ, ამიტომ გადაწყვიტეს, სოფელში გამოენახათ შენობა და იქ ევარჯიშათ.
-"ვეჯინში არის ასეთი პიროვნება მალხაზ ჭანყოშვილი, რომელმაც თავისი საკუთარი კერძო სახლი უსასყიდლოდ დაგვითმო იმისთვის, რომ ბავშვებს იქ ევარჯიშათ. ამ სიკეთისთვის მას ყველა დიდ მადლობას ვუხდით. მადლობას ვუხდით ასევე ვეჯინის მაცხოვრებლებს: ზურა მუხულიშვილს, ილია არევაძეს, ირაკლი ხარიტონიშვილის და ზაალ თამაზაშვილს, რომლებმაც ჩვენი შეჯიბრზე წასვლა დააფინანსეს. როდესაც გაიგეს ჩვენი გაჭირვება, დახმარება უყოყმანოდ გაგვიწიეს. რასაც ვაკეთებდით, ამის შემდეგ ხუთჯერ უფრო მეტს გავაკეთებთ, რადგან ვხედავთ ხელმძღვანელობის და ხალხის გვერდში დგომას."
ამირან ანჯაფარიძემ მომავალ გეგმებზეც ისაუბრა:
-"თვის ბოლოს თბილისში ან თელავში საშუალო დონის ტურნირი ჩატარდება ვაჟთა შორის, სადაც ჩვენი კლუბის 17-18 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გვასახელებენ."
როგორც კლუბის ხელმძღვანელმა გვითხრა თბილისში ყოფნისას საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ჯავახია დაჰპირდათ, რომ 2014 წელს თამარს, როგორც ორგზის საქართველოს ჩემპიონს, სპორტის სამინისტროში რეკომენდაციას გაუწევს.
-"ბატონი გოჩა დამპირდა, რომ სამინისტროში პირადად წამყვება და ევროპაში გასასვლელად დაგვაფინანსებენ. არჩევანს კი უკვე ჩვენ გავაკეთებთ. ან ევროპის თასზე გავალთ, ან ევროპის ჩემპიონატზე. ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის და მწვრთნელისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა."-აღნიშნა მან.
ხელმძღვანელიც და თავად სპორტსმენებიც იმედოვნებენ, რომ შემდეგ ტურნირებზე კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები