22 ივლისს, სიღნაღის ცენტრში, ღია რინგზე, პროფესიონალური კრივის
სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება. ტურნირი სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერიისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის
თანამშრომლობით ჩატარდება.
მერიის ინფორმაციით, სულ 12 ორთაბრძოლა გაიმართება, რომლებშიც
მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული პროფესიონალი მოკრივეები
საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან.
„კრივის საღამოს მთავარ დაპირისპირებებში მეტოქეთა წინააღმდეგ რინგზე
გავლენ სიღნაღის საბრძოლო ხელოვნების, კლუბ „მგლების“ (მთავარი
მწვრთნელი მიხეილ ბაკაშვილი) მებრძოლები - გოგა კევლიშვილი, გელა
თეგაშვილი, აკაკი ფარჯველიანი, გოგა ქავთარაძე და ლევან
იანქოშვილი.
ყველა ეს სპორტსმენი უკვე საკმაო ხანია, რაც წარმატებით ასპარეზობს,
როგორც საქართველოს, ასევე ევროპის პროფესიონალურ საკრივო შოუებზე.
მათ მიერ სიღნაღში გამართული ბრძოლების შედეგები აისახება მოკრივეთა
მსოფლიო რეიტინგში.
ღონისძიებას WBC -სა (მსოფლიო კრივის საბჭო) და EBU-ს (ევროპის კრივის
კავშირი) მიერ სერტიფიცირებულ მსაჯთა ბრიგადა გიორგი კობახიძის, გელა
სხირტლაძის, დავით ნაზარაშვილის, მერაბ მაისურაძის, თამაზ
ქართველიშვილისა და არსენა ყარაგვეზაშვილის შემადგენლობით
მოემსახურება.
ღონისძიებას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი,
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ევროპისა და
მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ფალიანი, საქართველოს პროფესიონალური კრივის
კავშირის ვიცე-პრეზიდენტები ვაჟა კვეზერელი, ლევან ხიტირი და ლელა
ადუაშვილი, გენერალური მდივანი ხათუნა არონიშიძე, პროფესიონალური
კრივის კავშირის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი
მინდია ნოზაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.“ - აცხადებენ
მერიაში.
საკრივო შოუს წარუძღვება ცნობილი შოუმენი და მსოფლიო კლასის
ილუზიონისტი გია ფარადაშვილი.
ორთაბრძოლები 19:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი
გადაიცემა იუთუბის ქართულ საკრივო არხზე -
Boxing
Season.
მასალის გამოყენების პირობები