გურჯაანელმა მოცურავეებმა ღია პირველობაზე სამი მედალი აიღეს [Video]
24 ნოემბერს, თბილისში გამართულ ქალაქის ღია პირველობაზე ცურვაში,
გურჯაანელმა სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები
დაიკავეს.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსის, გელა მეგრელიშვილის განმარტებით, შეჯიბრი
2008-2009 წლებში დაბადებულთა შორის მიმდინარეობდა.
„ღია პირველობა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია
მიიღოს მონაწილეობა. ტურნირზე ოთხასზე მეტი ბავშვი იყო, მათ შორის
აზერბაიჯანის ნაკრები გამოიოდა ორი სხვადასხვა შემადგენლობით. სამმა
გურჯაანელმა ისახელა თავი. 50-მეტრიან ბრასში ოქროს მედალი აიღო
მარიამ პაპუნაშვილმა, ვერცხლის მედალი - ქეთი მამუკაშვილმა და
ბრინჯაოს მედალი - ნინო ზარდიაშვილმა. მათი მწვრთნელია გიორგი
ჯეჯელავა. ეს რეალურად იყო საქართველოს ნაკრების კომპლექტაცია.
მომავალში პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები მიწვეულები იქნებიან
მოსამზადებელ ეტაპზე და თუკი თავს გაართმევენ, არ არის გამორიცხული,
ნაკრების წევრებიც გახდნენ.“
როგორც მარიამ პაპუნაშვილის დედა, ნანა ბერაია ამბობს, ეს ძალიან
მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.
„მარიამმა 2017 წელს დაიწყო ცურვა, გასულ წელსაც მონაწილეობდა
საქართველოს პირველობაზე და ბრასში მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს
მედალი კი მისთვის პირველია. მარიამს ძალიან უყვარს ცურვა და ამ
ყველაფერს სერიოზულად ეკიდება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი სამეცადინო
აქვს, მაინც ყოველდღე მიდის აუზზე და 2 საათი ვარჯიშობს. როგორც
პედაგოგი გვეუბნება, ძალიან მონდომებულია. თუ ხელშეწყობა ექნება,
აუცილებლად წავა ამ კუთხით.“
ნანა ბერაიას თქმით, მომდევნო შეჯიბრი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება
თუმცა, ნორჩ მოცურავეებს ახალი სეზონისთვის სავარჯიშოდ ძალიან ცოტა
დრო აქვთ. „არის ერთი პრობლემა, რომელიც ყველა მშობელს და სპორტსმენს
აწუხებს. ზამთარში აუზი იხურება და მუშაობას დაახლოებით მარტის შუა
რიცხვებში ანახლებს. ბავშვები გავარჯიშებას ვერ ასწრებენ. აუზი რომ არ
იხურებოდეს, ან ეს შესვენება ამდენხანს მაინც არ გრძელდბოდეს, კარგი
იქნება. ეს აფერხებს ბავშვებს, რომ უკეთესი შედეგი აჩვენონ.“
მასალის გამოყენების პირობები