საქართველოს ჩემპიონატზე ვეჯინელმა მოკრივეებმა მეორე და მესამე ადგილები აიღეს
მარნეულში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ვეჯინის წმინდა გიორგის
სახელობის კრივის კლუბის სპორტსმენებმა მეორე და მესამე ადგილები
დაიკავეს.
მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის თქმით, შეხვედრა 14-დან 18 მარტის
ჩათვლით მიმდინარეობდა. კახეთიდან ასევე წარმოდგენილი იყო ახმეტა და
ყვარელი, თუმცა საპრიზო ადგილი მხოლოდ გურჯაანელ სპორტსმენებს
ერგოთ.
"ეს იყო ჭაბუკ მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატი. ჩვენი კლუბიდან
სხვადასხვა წონით კატეგორიაში სამი მოკრივე მონაწილეობდა და
წარმატებასაც მიარწიეს. 60 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ ჩახვაშვილმა
ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაჯერდნენ 57 წონით
კატეგორიაში მოასპარეზე საბა ჭანყოშვილი და 52 წონით კატეგორიაში -
ნიკა თვალმიხელაშვილი. შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ბიჭები
კარგად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ რაღაც ხარვეზები მაინც გვქონდა.
მათთვის ეს იყო გამოსაცდელი ეტაპი. ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ
გაამართლებენ ჩვენს იმედებს. ძირითადი აქცენტი ოთარ ჩახვაშვილზე
კეთდება, რომელიც ევროპაზე წასასვლელად ემზადება. მადლობა მინდა
გადავუხადო სპორტული სკოლის დირექტორს არჩილ გოგიაშვილს, რომელიც
გვერდში გვიდგა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა ილიას,
რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კლუბს. მისი დამსახურებაა, დღეს ეს ჯგუფი
რომ არსებობს . ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტ
წარმატებას მივაღწიოთ. "
15 წლის ოთარ ჩახვაშვილმა, შეხვედრაზე მეორე ადგილი დაიკავა და
ვერცხლის მედალი მოიპოვა, როგორც მან აღნიშნა, მომავალში უფრო მეტის
გაკეთებას აპირებს.
"მეორე და მესამე დღეს მომიწია ბრძოლა. ფინალში მცირე უპირატესობით
წავაგე, მაგრამ სამომავლოდ უფრო მეტს ვეცდები. მინდა პირველი ადგილი
ავიღო, რადგან დიდი სურვილი მაქვს, ევროპაზე მივიღო მონაწილეობა.
"
მღვდელ-მონაზონი და ვეჯინის კრივის კლუბის დამფუძნებელი მამა ილია
შედეგით კმაყოფილია.
" ჩემი მთავარი მიზანი არ იყო ის, რომ ბავშვები პირველ ადგილზე
გასულიყვნენ და ჩემპიონები გახდარიყვნენ. მინდოდა ისინი მოწყვეტილები
ყოფილიყვნენ ქუჩას და ეცხოვრათ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამას
გარკვეულწილად მივაღწიეთ. ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და
თავდაცვისუნარიანი თაობა. კლუბი მეშვიდე წელია ფუნქციონირებს და ამ
ხნის განმავლოაბში მივაღწიეთ, რომ ამ დარბაზში 50 ბავშვი ვარჯიშობს,
ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მომავალში უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ.
"
გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით, თასებით და დიპლომებით
დაჯილდოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები