სპორტი
"სულ მალე მსოფლიო დონეზე ვიტყვით ჩვენს სიტყვას, იმიტომ, რომ ჩვენ ქართველები ვართ"
მარინა პეტრიაშვილი
ახმეტაში ჩატარებულ კიკბოქსინგის რეგიონულ ტურნირში, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის კლუბების სპორტსმენები ასპარეზობდნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან შესარჩევ შეჯიბრში კლუბ `ამირანის~ მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს. როგორც მწვრთნელმა ამირან ანჯაფარიძემ აღნიშნა, მისმა სპორტსმენებმა როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
"5 მარტს ახმეტაში რეგიონული ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩვენი კლუბის 7 სპორტსმენი მონაწილეოდა. ეს იყო შესარჩევი შეჯიბრი. ბავშვებმა წარმატებით იასპარეზეს. I ადგილის მფლობელები გახდნენ: თორნიკე მთივლიშვილი (30კგ.), თამაზ ზავრაშვილი (42 კგ.), გიორგი ელიკაშვილი (67კგ) და გოგონებიდან ნათია ზავრაშვილი (50კგ.). მეორე ადგილი დაიკავა თორნიკე სიმონიშვილმა (55კგ), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ყველაზე პატარა მონაწილე, 7 წლის გელა სეფიაშვილი. შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს, რაც ჩვენი თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ თორნიკე მთივლიშვილს ჩატარებული 9 ბრძოლიდან 8-ჯერ პირველი ადგილი აქვს მოპოვებული, ერთხელ კი მეორეზე გავიდა. 11 წლის ასაკში ეს ძალიან დიდი მიღწევაა," _ გვითხრა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ლიცენზირებულმა ინსტრუქტორმა, სპორტის ოსტატმა საბრძოლო ხელოვნებაში ამირან ანჯაფარიძემ. ის სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი წარმატების იმედი აქვს.
"29 აპრილს კახეთის ჩემპიონატი იგეგმება, ხოლო შემდეგ თბილისში ვართ მიწვეულები საერთაშორისო ჩემპიონატზე. შემოდგომაზე ჩვენს შრომას საქართველოს ჩემპიონატი დააგვირგვინებს და იქ გამოჩნდება უკვე რა შეგვიძლია," _ აღნიშნა ამირან ანჯაფარიძემ და იქვე დასძინა. "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გურჯაანელი ახალგაზრდები სპორტს ეზიარნენ. ასევე დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პრეზიდენტს მიზნად აქვს დასახული საქართველოში ჩამოყალიბდნენ ჯანმრთელი და განათლებული ახალგაზრდები. ვფიქრობ, სულ მალე მსოფლიო დონეზე ვიტყვით ჩვენს სიტყვას, იმიტომ, რომ ჩვენ ქართველები ვართ. ისიც მინდა ვთქვა, რომ საქართველოში სპორტი მართლაც ფასდება," _ გვითხრა მან.
ნათია ზავრაშვილი, რომელიც ჯერ ოთხი თვეა, რაც ამ კლუბში ვარჯიშობს, თავისი შედეგით კმაყოფილია, თუმცა ფიქრობს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. "ამ კლუბში ჯერ 4 თვეა, რაც მივედი და დიდი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ I ადგილი ამეღო. შემდეგში ვეცდები უფრო ბევრი ვივარჯიშო და ჯერ კახეთის, ხოლო შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გავხდე. სპორტის ეს სახეობა მართალია გოგონებისთვის ცოტა უჩვეულოა, მაგრამ ყოველთვის ძალიან მომწონდა და სურვილი მქონდა კიკბოქსინგის კლუბში მივსულიყავი. მინდა უფრო დავიხვეწო და კარგ შედეგებს მივაღწიო. ვფიქრობ, ამ სპორტს მომავალშიც გავყვები,"_ გვითხრა კლუბ `ამირანის~ სპორტსმენმა, კოლაგის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ ნათია ზავრაშვილმა. კლუბის აღსაზრდელები და ხელმძღვანელიც იმედოვნებენ, რომ მომავალში უკეთეს შედეგს მიაღწევენ და გურჯაანს კიდევ ერთხელ ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები