რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, 22
აპრილს, მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 3
ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ვიცე-ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81 კგ), ლაშა
შავდათუაშვილი (-73 კგ) და ესტერ სტამი (-70 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს
მედალი კი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა.
ფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონმა და ევროპის 3-გზის
გამარჯვებულმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ხასან
ხალმურზაევთან ვაზარით დათმო, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი
აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან 4 გაფრთხილებით დამარცხდა, ესტერ
სტამმა კი მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის, ფრანგი ჟერვის ემანის
წინააღმდეგობა ვერ გადალახა, თუმცა საქართველოს სახელით მოჭიდავე
სტამის წარმატება განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მან ფინალში
გასასვლელად რამდენიმე აშკარა ფავორიტი დაამარცხა და ევროპის
ჩემპიონატზე პირველი მედლის მოპოვება შეძლო.
ოქროს მედლისათვის ბრძოლას 1/4 ფინალში თანაგუნდელ ლაშა
შავდათუაშვილთან მარცხით გამოეთიშა ნუგზარ ტატალაშვილი, რომელმაც
რეპეშაჟში განაგრძო ასპარეზობა და ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედარში
რუს დენის იარცევს იპონით სძლია.
შედეგად, 2 საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში 1
ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი 21
აპრილს 66 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი
გახდა.
დღეს მედლები მამაკაცთა შორის -90, -100 და + 100 კგ წონით
კატეგორიებში, ქალთა შორის კი -78 და +78 კგ. წონით კატეგორიებში
გათამაშდება, საქართველოს სახელით ევროპის 2-გზის ჩემპიონი და
მრავალგზის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი (-90 კგ), მსოფლისოა და
ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ), ევროპის
მოქმედი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+ 100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+
100) იბრძოლებენ.
მასალის გამოყენების პირობები