სამი ააიპ-ის: "გურჯაანის სპორტსკოლის", "გურჯაანის სპორტკომპლექსის"
და "რევაზ მინდორაშვილის სახელობის გურჯაანის ჭიდაობის სკოლის"
გაერთიანების შედეგად ერთი ააიპ-ი ჩამოყალიბდება.
speqtri.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ ოპტიმიზაციას ააიპ-ების
დირექტორები.
"12 აპრილს მივიღეთ ბრძანება, სადაც გვავალებენ, რომ თანამშრომლები
მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გავაფრთხილოთ. ამბობენ,
ოპტიმიზაციის შემდეგ პროფესიონალები დარჩებიან და მათი ხელფასები
გაიზრდებაო. თუ ასე მოხდება, კარგი იქნება. ამ სფეროში საკმაო
გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებენ. "-აღნიშნა
ააიპ-ი "გურჯაანის სპორტსკოლის" დირექტორმა ნიკოლოზ ძველიშვილმა.
შტატების შემცირების შესახებ გაფრთხილება "გურჯაანის სპორტკომპლექსის"
დირექტორმა არკადი სონღულაშვილმაც მიიღო. "გამგეობის დადგენილება უკვე
მომივიდა. თანამშრომლები გავაფრთხილეთ. ამჟამად სამი დირექტორი ვართ,
მოგვხსნიან თუ დაგვტოვებენ ჯერ ვერ გეტყვით. ხელმძღვანელობა როგორც
გადაწყვეტს, ისე იქნება."-აღნიშნა მან.
"რევაზ მინდორაშვილის სახელობის გურჯაანის ჭიდაობის სკოლის"
დირექტორის თემურ მინდორაშვილის თქმით, ჭიდაობის სკოლას არ უნდა
შეხებოდნენ.
"ალბათ, საჭიროდ ჩათვალეს და გააერთიანეს. კი, ბატონო, ეს ცუდი არ
არის. ჩვენი სკოლა რეზო მინდორაშვილის სახელს ატარებს და ვფიქრობ, ამ
კაცის პატივისაცემად ჭიდაობის სკოლა უნდა დაეტოვებინათ," _ განმარტა
მან.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა
განაცხადა, ააიპ-ების გაერთიანებას გარკვეული პროცედურები სჭირდება.
ოპტიმიზაციის შემდეგ მას ერთი ხელმძღვანელი ეყოლება, მაგრამ ვინ
დაინიშნება დირექტორად და რამდენ კადრს გაათავისუფლებენ ჯერ ცნობილი
არ არის.
მასალის გამოყენების პირობები