როვლან კალანდაროვი და ელვინ ქარიმოვი დუზაგრამის საჯარო სკოლის
მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები არიან. ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთ
კლასში სწავლობენ და თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენ.
ძალიან უყვართ ფრენბურთი და სპორტის გაკვეთილს მოუთმენლად ელოდებიან.
როგორც თვითონ ამბობენ, ეს სახეობა სპორტის მასწავლებელმა ალი
მუსტაფაევმა შეაყვარათ.
"ფრენბურთი ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ყველაფერია. ბავშვობაში
ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ მერვე კლასის შემდეგ, უკვე ამ
სპორტით დავინტერესდი. გაკვეთილზე სკოლის "სტადიონზე" კლასელებთან
ერთად ვთამაშობთ. თუ ცუდი ამინდია, მაგასაც ვერ ვახერხებთ. სპორტული
დარბაზი რომ გვქონდეს, ამ სკოლაში უფრო მეტი წარმატებული ბავშვი
იქნებოდა."-ამბობს როვლან კალანდაროვი.
მისივე თქმით, მოედანი არც სოფელშია. ამიტომ ახალგაზრდებმა უფროსებთან
ერთად გადაწყვიტეს საკუთარი ძალებით სპორტული მოედანი მოეწყოთ.
"ფრენბურთს, ჩვენთან ერთად, უფროსებიც თამაშობენ. ივრის ნაპირზე
ერთობლივი ძალებით ადგილი გავასუფთავეთ. ორი ჯოხი ჩავურჭეთ, ზედ თოკი
გავაბით და ისე ვთამაშობთ. თუ ქარი ან წვიმა არ არის, თითქმის
ყოველდღე იქ ვართ. ძალიან გვინდა სკოლაშიც და სკოლის გარეთაც კარგი
მოედანი გვქონდეს, სადაც ნორმალურად შევძლებთ თამაშს."
როვლანის აზრს იზიარებს ელვინ ქარიმოვიც. მისი თქმით, ფრენბურთს
თანაკლასელი გოგონებიც კარგად თამაშობენ.
"ბიჭები და გოგონები ხან ცალკე გუნდებად ვთამაშობთ, ხან ერთად. ზოგჯერ
სხვა სკოლებსაც ვეჯიბრებით. არც სოფელში და არც სკოლაში არანაირი წრე
არ არსებობს, რომ ახალგაზრდები სპორტში აქტიურად ჩავერთოთ. არც
სპორტული დარბაზები გვაქვს. კარგი იქნება, მოედანი მაინც რომ
გვქონდეს. თავისუფალ დროს იქ გავატარებდით და "ბირჟაზეც" აღარ
ვიდგებოდით."
უმცროსკლასელებს ძირითადად ფეხბურთი მოსწონთ. საყვარელი სპორტსმენებიც
ჰყავთ. უნდათ რონალდუსა და მესის მსგავსად, წარმატებული ფეხბურთელები
გამოვიდნენ. იციან, რომ ამისათვის დიდი შრომა და ყოველდღიური ვარჯიშია
საჭირო, რის შესაძლებლობაც არც სკოლაში აქვთ და არც უბანში.
"სკოლის მოედანზე ფეხბურთის ბადეები არ არის. ეხლა ბურთიც აღარ
გვაქვს, გაგვიფუჭდა, ახალი კი ჯერ ვერ გვიყიდია."-ამბობს მუსაევ
მამედოვი და ნახევრად გაბერილი, გაცვეთილი ბურთით სათამაშოდ
მეგობრებთან ერთად, ეზოში გარბის.
დუზაგრამის სკოლის შემდეგ ლამბალოს სკოლაში მივედით, რომელიც
ნაქირავებ ფართშია განთავსებული. დასვენების დროს მოსწავლეები ეზოში
ჩოგბურთის ბურთით "წრეში ბურთს" თამაშობდნენ. სკოლის დირექტორი, დავით
როსტომაშვილი გააღიზიანა ჟურნალისტის კითხვამ: სად უტარდებათ სპორტის
გაკვეთილი, აქვთ თუ არა მოედანი და სპორტული ინვენტარი? "ინტრიგანი თუ
არ ხარ, მაგ კითხვას რატომ მისვამ? " მან კომენტარის გაკეთება არც მას
შემდეგ ისურვა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
პრესსამსახურს დავუკავშირდით.
სასწავლო დაწესებულებისთვის სპორტული დარბაზი და მოედანი რომ
აუცილებელია, ამის შესახებ დუზაგრამის სკოლის დირექტორი კიას
აბუზაროვი საუბრობს.
"ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ პირობები არ უწყობთ ხელს.
დარბაზისთვის ფართიც არ გვაქვს, ამისთვის ახალი ნაგებობა იქნება
საჭირო. მოსწავლეების და ჩემი დიდი სურვილია, კეთილმოწყობილი მოედანი
გვქონდეს. სპეციალური საფარით და ღობით. "
კიას აბუზაროვის თქმით, იმის გამო, რომ სოფელში მოედანი არ არის,
სკოლაში სათამაშოდ ხშირად შემოდიან სოფლის მცხოვრებლები, თუმცა, ის
ნებას არ აძლევს. შიშობს, მოსწავლეებსა და მათ შორის დაპირისპირება არ
მოხდეს.
როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
განგვიმარტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო
გეგმის მიხედვით, უკვე მოხდა სპორტული ობიექტების შესახებ ამომწურავი
ინფორმაციის დამუშავება. მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის
განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება და
მონიტორინგი. ჩატარდა ტენდერი და საქართველოს ათი რეგიონის ოც ქალაქში
დამონტაჟდა გარე სპორტული ტრენაჟორები და სხვა სავარჯიშოები.
მათივე ინფორმაციით, "მომავალში შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის
ელექტრონული რუქა, რომელზეც ჯამში 50 000 ლარი გაიხარჯება. ასევე
შემუშავდება ინფრასტრუქტურის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო
გეგმის განხორციელება და მონიტორინგი, რისთვისაც 160 მლნ. ლარი
გაიხარჯება." _ ამბობს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
პრესსამსახურის უფროსი სოფო ჩაკვეტაძე.
კითხვაზე - რა ღონისძიებებია დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში 2016 წელს იორმუღანლოს თემში სპორტული ინფრასტრუქტურის
მოწყობის თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური აღზრდისა და განათლების
კუთხით? - ამ ეტაპზე, სამინისტროში ვერ გვიპასუხეს.
მკითხველს აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას უახლოეს
პერიოდში მივაწვდით. ამ მასალის ნახვა შესაძლებელი იქნება ჩვენს
ვებ გვერდზე წწწ.სპექტრი.გე
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოში კი განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმის ფორმირება,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული
პრიორიტეტების გათვალისწინებით ხდება. შემოსული მოთხოვნის საფუძველზე
განისაზღვრება შენობა-ნაგებობების პირველადი სარეაბილიტაციო
პრიორიტეტები და ამის საფუძველზე მოხდება ამა თუ იმ ობიექტების
სამოქმედო გეგმაში შეყვანა.
"იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ან
სხვა დაინტერესებულ პირს, სააგენტოსთვის აღნიშნული მოთხოვნით არ
მოუმართავს. სკოლის დირექციის მომართვის შემთხვევაში სააგენტო
განიხილავს საკითხს და სამომავლო სამოქმედო გეგმის ფორმირების
პროცესში, პრიორიტეტების შესაბამისად იმოქმედებს. "-აღნიშნა ჩვენთან
საუბარში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია
მეტრეველმა.
მისივე თქმით, ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში
მიმდინარეობს საჯარო სკოლის მშენებლობა, სადაც თანამედროვე
სტანდარტების სპორტულ დარბაზთან ერთად, ღია სპორტული მოედანიც
მოეწყობა.
SPEKTRI XÜSUSİ BURAXILIŞ N3 - PDF
სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
მასალის გამოყენების პირობები