სპორტი
"რომ არა თანადგომა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი"
მარინა პეტრიაშვილი
26 თებერვალს კახეთის კიკბოქსინგის ფედერაციამ ახმეტაში კახეთის თასის გათამაშება ჩაატარა, სადაც გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ ოთხმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ, როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს.
"26 თებერვალს ვიყავით კახეთის თასის გათამაშებაზე ახმეტაში. 20 ბავშვი მყავდა მომზადებული, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ 4 გამორჩეული მოსწავლე წავიყვანე. მათ სამართლიანად დაიმსახურეს გამარჯვება. პირველი ადგილები დაიკავეს: ბექა მთივლიშვილმა და თამაზ ზავრაშვილმა, რომლებმაც თასები მოიპოვეს, მეორე ადგილი დაიკავა ირაკლი კაჭარავამ. ის დიპლომით და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. სამწუხაროდ, მე-4 სპორტსმენმა გიორგი ქუმსიაშვილმა ბრძოლა წააგო, რადგან ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოფელ ვეჯინის კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ დამაარსებელს, ბატონ თამაზ ჭანყოშვილს, რომელიც გვერდში გვიდგას და ყველანაირად გვეხმარება, რათა მომავალმა თაობამ გამარჯვებისაკენ გზა გაიკაფოს," _ გვითხრა ამირან ანჯაფარიძემ.
II ადგილის მფლობელი, 16 წლის ირაკლი კაჭარავა, შედეგით მაინც კმაყოფილია და ფიქრობს, რომ მომავალში უფო მეტს მიაღწევს. "ყოველთვის მინდოდა საბრძოლო ხელოვნებას დავუფლებოდი და გადავწყვიტე ამ კლუბში მოვსულიყავი. ოთხი თვეა, რაც ვვარჯიშობ. 26 თებერვალს ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით გავიმარჯვე, მაგრამ ფინალში სამწუხაროდ, ქულებით წავაგე. მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობა მივიღე. მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა. მომავალში ვეცდები, კლუბს დიდი გამარჯვება მოვუტანო," _ გვითხრა ირაკლი კაჭარავამ.
7 წლის ბექა მთივლიშვილი კლუბ `ამირანის~ ყველაზე პატარა სპორტსმენია და უკვე 3 ოქროს მედლისა და ერთი თასის მფლობელია. კიკბოქსინგს მთელი სერიზულობით ეკიდება. აპირებს, რომ სპორტის ამ სახეობას ბოლომდე გაჰყვეს და პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბდეს. ბატონმა ამირანმა მომავალ შეჯიბრებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უკეთეს შედეგებს მიაღწევენ. "მომავალში თბილისში ამიერკავკასიის საერთაშორისო ჩემპიონატი იგეგმება და იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი გვერდში დაგვიდგება, დაგვაფინანსებს და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. მჯერა იქიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდებით. ჩემი შრომა იმით ფასდება, რომ მშობლები თანადგომას გვიწევენ, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. მადლობა მინდა გადავუხადო: მიხეილ მთივლიშვილს, ზაზა ზავრაშვილს, მამუკა კაჭარავას იმისთვის, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს. რომ არა ისინი, მარტო ვერაფერს გავხდებოდი," _ გვითხრა კლუბ `ამირანის~ მწვრთნელმა, სპორტის ოსტატმა ამირან ანჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები