[caption id="attachment_2247" align="alignright" width="300" caption="მღვდელ–მონაზონი, მამა ილიას ინიციატივით გახსნილ დარბაზში 40 ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს"]
[/caption]
ვეჯინის "წმინდა გიორგის" სახელობის ტაძრის მღვდელ-მონაზონი, მამა ილია მრევლის, როგორც სულიერ და ისე ფიზიკურ სიჯანსაღეზე ერთნაირი ძალისხმევით ზრუნავს. 40 ბავშვი უსასყიდლოდ ვარჯიშობს იმ დარბაზში, რომელიც მისი ინიციატივითა და შემოწირულობით გაკეთდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, "წმინდა გიორგის" სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, უკვე ორი თვეა, რაც ამავე ტაძრის მღვდელ-მონაზონის მამა ილიას ინიციატივით და საქართველოს კრივის ფედერაციის წევრის, მწვრთნელ-ინსტრუქტორის ოთარ მამულაშვილის ხელმძღვანელობით, კრივის წრე ფუნქციონირებს. აქ არამარტო ადგილობრივი, არამედ მეზობელ სოფლებში მცხოვრები ბავშვებიც ვარჯიშობენ.
"ორი თვეა, რაც მამა ილიას ინიციატივით ეს დარბაზი გაიხსნა. ყველა სამშენებლო სამუშაო შემოწირულობებით შესრულდა. შევიძინეთ ე.წ. `გრუშები~ და ხელთათმანები. ამჟამად 40 ბავშვს ვავარჯიშებთ სამ ჯგუფად; I ჯგუფში 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, მეორეში _ 10-დან 12 წლამდე, ხოლო მესამეში კი 12-დან 15 წლამდე. კვირაში სულ მცირე 4 დღე მაინც დავდივარ და ბავშვებს ვამეცადინებ. მამა ილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა და სთხოვა ჩემთვის ხელფასი დაენიშნათ, რათა გზის ხარჯები მაინც აენაზღაურებინათ," _
[caption id="attachment_2248" align="alignleft" width="300" caption="ნორჩ სპორტსმენებს მწვრთნელი, ოთარ მამულაშვილი ავარჯიშებს"]
[/caption]
გვითხრა ოთარ მამულაშვილმა და იქვე განმარტა, რომ ბავშვები ძალიან მონდომებული არიან.
"სამომავლოდ ისინი შეჯიბრებებშიც მიიღებენ მონაწილეობას. რაც უფრო მეტი პერსპექტიული ბავშვი იქნება, მით უკეთესია. ჩვენ გურჯაანის სპორტულ სექტორს ვეკუთვნით, რომელსაც ნიკო ძველიშვილი ხელმძღვანელობს. მას გადაეცემა სია, თუ რამდენი ბავშვი ვარჯიშობს. როდესაც შეჯიბრი ჩატარდება, სპორტსკოლის თავმჯდომარემ უნდა იცოდეს რამდენი სპორტსმენი ფინანსდება, რათა ზუსტი აღრიცხვა მოხდეს.~ როგორც ოთარ მამულაშვილი ამბობს, ამჟამად ჯგუფი დაკომპლექტებულია ახალი მოსწავლეებით. `რამდენიმე მათგანი ადრე ფეხბურთზე გურჯაანში დადიოდა, მაგრამ ტრანსპორტირება უჭირდა და ამიტომ ახლა კრივზე ჩვენთან ვარჯიშობს. პირადად მე დიდი მადლობელი ვარ მამა ილიასი, რომელმაც ბევრი მოზარდი ქუჩას ჩამოაშორა. რაც მთავარია, ჩვენი ბავშვები ჯანსაღები ცხოვრებით იცხოვრებენ და მომავალში საქართველოს გამოადგებიან," _ გვითხრა ოთარ მამულაშვილმა.
როგორც მღვდელ-მონაზონი მამა ილია ამბობს, ამ ჯგუფის შექმნის მიზანი უფრო მეტად ის იყო, რომ ბავშვები ქუჩას ჩამოშორებოდნენ, სპორტით დაკავებულიყვნენ და ეკლესიასაც დაახლოებოდნენ.
"ზოგიერთმა მათგანმა არ იცის, მღვდლის დანიშნულება მარტო ის კი არ არის, რომ სახლი აკურთხოს, ის ამ საზოგადოების ისეთივე აქტიური წევრია, როგორც სხვები. მე ამ სოფელში ვცხოვრობ და ისევე მტკივა ამ სოფლის სატკივარი, როგორც დანარჩენებს. ეს დარბაზი ჩვენი ეპისკოპოსის, მეუფის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. ის დაინტერსებულია, რომ კრივის ჯგუფმა იარსებოს. გარდა ამისა, ვფიქრობთ გავარემონტოთ კიდევ ერთი ოთახი ფოლკლორის წრისთვის. მიხარია, რომ ეს ბავშვები სიბნელეს გამოვგლიჯეთ. დღესდღეობით ისინი არა მარტო ვაჟკაცურ სპორტს ეუფლებიან, არამედ სულიერ საკითხებზეც მიწევს მათთან საუბარი. ზოგ რამეს მე ვასწავლი და თვითონაც ბევრი მნიშვნელოვანი შეკითხვა უჩნდებათ. მარტო ის რად ღირს, რომ თითქმის ყოველდღე 40 მოზარდი მოდის და მეუბნება: `დამლოცე მამაო~. ძალიან მიხარია ეკლესიისადმი მათი ასეთი დამოკიდებულება. რაც შეეხება მშობლებს, მეტი ყურადღებისკენ და აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რომ ბავშვები სწორ გზაზე დააყენონ," _ გვითხრა მამა ილიამ და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.
"სპორტულ წრესთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები გვაქვს. მომავალში უფრო მეტად გავძლიერდებით. არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენს გვერდით დგომისა და დახმარების სურვილი აქვთ. გაზაფხულზე გვინდა, რომ გავაფართოვოთ ეს დარბაზი და სპორტული ინვენტარიც შევიძინოთ და ალბათ, მათი დახმარება მერე უფრო დაგვჭირდება," _ აღნიშნავს იგი.
`სპექტრის~ კითხვაზე, თუკი მამა ილიას თავისი მოღვაწეობის გაგრძელება სხვა ეკლესიაში მოუწევს, ვინ უხელმძღვანელებს მის მიერ წამოწყებულ საქმეს, გვიპასუხა:
"მე მონაზონი ვარ და სადაც მეტყვიან, იქ უნდა წავიდე. აქაურობას კი ყურადღებას იქიდანაც მივაქცევ. ბავშვები აქტიურად ვარჯიშობენ და დახმარება მომავალშიც დასჭირდებათ, ჩვენ მათ ყველანაირად უანგაროდ ვემსახურებით. კრივი ვაჟკაცური სპორტია და მოზარდი თაობისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს," _ გვითხრა მამა ილიამ. საზოგადოება თანხმდება იმ საკითხზე, რომ მოზარდებისთვის სპორტს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. თუმცა, რეალურად ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას, ან ეკონომიური მდგომარეობა არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შვილები სპორტის რომელიმე სახეობაზე ატარონ. ამიტომ მამა ილიას ეს წამოწყება ნამდვილად დროული და მნიშვნელოვანია. როგორც თავად იმედოვნებს, ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთვება და სათანადო დახმარებას გაუწევს, რომ ამ დარბაზმა დიდხანს იფუნქციონიროს და სხვა სექტორებიც დაემატოს.
მასალის გამოყენების პირობები