ვეჯინის კრივის სკოლის აღსაზრდელები თბილისის პირველობის გამარჯვებულები გახდნენ
სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლის მოსწავლეები თბილისის ღია პირველობის გამარჯვებულები გახდნენ.
თორნიკე მთვილიშვილმა(48 კგ. წონითი კატეგორია), ლაშა ქუმსიაშვილმა(52 კგ. წონითი კატეგორია) და გიორგი სიმონიშვილმა(60 კგ. წონითი კატეგორია) 16, 17 და 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის ღია პირველობაზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ 2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები.
მოკრივეებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: თორნიკე მთვილიშვილი - I ადგილი; ლაშა ქუმსიაშვილი - I ადგილი; გიორგი სიმონიშვილი - II ადგილი. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მთივლიშვილი თბილისის ღია პირველობის ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა და ტიტული შეინარჩუნა. რაც შეეხება გიორგი სიმონიშვილს, მამა ილია ამბობს, რომ მისგან მეტს მოელოდა, თუმცა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ გიორგი ტურნირს შესაბამისი განწყობით ვერ შეხვდა და ფსიქოლოგიური ბარიერი ბოლომდე ვერ გადალახა.
როგორც მამა ილია speqtri.ge-სთან განმარტავს, ჩემპიონატზე წარმოდგენილი იყო სასომხეთის მოკრივეთა გუნდი, რამაც უფრო ფართომასშტაბიანი გახადა ტურნირი.
ვეჯინის კრივის სკოლის დამაარსებელი აქვე საუბრობს ფინანსურ საკითხებზე, რომელიც აღსაზრდელებს მომზადებისთვის და „ზბორებისთვის' სჭირდებათ. „ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს ამ კუთხით. არავის სცალია ამ ბავშვებისთვის. ესენი ისეთი სპორტსმენები არიან, რომ თავის სიტყვას იტყვიან ქართულ სპორტში. თხოვნა მექნება იმ შეძლებულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან რომელთაც ამათი დაფინანსება და დახმარება ხელეწიფებათ, რომ მოგვეხმარონ, დაგვიდგნენ გვერდში და ჩვენც უკეთეს შედეგებს ვანახებთ. ამ ბავშვების გამარჯვება ხომ სრულიად საქართველოს გამარჯვებაა!".
ჩემპიონებს დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები