„ფეხბურთელებს ბუცები არ აქვთ, რომ ნორმალურად ითამაშონ“, - გოჩა ბაწაშვილი
გურჯაანის საფეხბურთო გუნდ „ალაზანის“ გულშემატკივრებს გასულ წელს იმედები გაუცრუვდათ.
ნაკრები მეორე ლიგის თასის მფლობელი გახდა, თუმცა პირველ ლიგაში გადასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „ალაზანმა“ ცხინვალის „ლიახვთან“ ერთი მატჩი დათმო და ქულები დაკარგა, რამაც მისი ახლანდელი პოზიცია განაპირობა. ამ მოვლენების პარალელურად, გაათავისუფლესგუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ ფურცელაძე, თუმცა მისი გაშვების რეალური მიზეზი უცნობია (ამაზე ღიად არ საუბრობენ). ფურცელაძის ადგილი მისივე დამხმარე გოჩა ბაწაშვილმა დაიკავა. „ალაზანის“ ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი speqtri.ge-სთან საფეხბურთო გუნდის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
- ბატონო გოჩა, რატომ აგირჩიეს გურჯაანის საფეხბურთო გუნდ „ალაზანის“ მთავარ მწვრთნელად და თუ გაქვთ გამოცდილება ამ მიმართულებით?
- მთავარ მწვრთნელად სექტემბერში დავინიშნე, მას მერე, რაც მიშა ფურცელაძე გაათავისუფლეს. მანამდე ერთი თვე მას ვეხმარებოდი. რატომ ან როგორ შემარჩიეს არ ვიცი, დამიბარეს და მითხრეს - შენზე შევაჩერეთ არჩევანიო. თუმცა იყო სხვადასხვა კანდიდატი თბილისიდანაც და ადგილობრივიც. მანამდე, ზვიად ჯავარაშვილთან ერთად, გურჯაანის საფეხბურთო სკოლაში პატარებს ვავარჯიშებდი (2002-2003 წლიანებს), შესაბამისად, თანაშემწეობა მას ვთხოვე. ეს ცვლილება ბავშვებს არაფერს ავნებს, ძირითადი გუნდის ვარჯიშები მათ ხელს არ შეუშლის.
- რა მდგომარეობაში გადაიბარეთ გუნდი - ფინანსური, ტექნიკური, ან მომზადების მხრივ პრობლემები ხომ არ დაგხვდათ?
- შესარჩევი პერიოდი უკვე გავიარეთ, ეხლა მოსამზადებელი ეტაპია. ამ თამაშების შედეგად გამოიკვეთა ვინ უნდა დაგვეტოვებინა და ვინ -არა. სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, შარშან ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოყო იმდენი თანხა, რომ გუნდს სეზონზე უნდა ჰყოფნოდა, მერე კიდევ დაამატეს, მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან მოწვეულ ფეხბურთელებს შეჰპირდნენ, რომ მაღალი ანაზღაურება ექნებოდათ. გუნდში ბიჭებს სხვადასხვა ხელფასი აქვთ, პრემიებსაც იღებენ. ჩამოსულებს კვება, ბინით უზრუნველყოფა და გზის ფული სჭირდებათ, ეგეც ცალკე ხარჯია. 6 ფეხბურთელი თბილისიდან გვყავს, ლაგოდეხიდან - სამი, ყვარლიდან - ორი და სამიც თელაველია, დანარჩენები ადგილობრივები არიან.
- ე.ი. ფინანსები არასწორად ნაწილდებოდა და საჭირო მიმართულებით არ იხარჯებოდა? თქვენი აზრით, რა არის წინა პლანზე წამოსაწევი და საით უნდა მიმართოთ თანხა?
- ჩემს აქ მოსვლამდე ფული რაში იხარჯებოდა არ ვიცი, მაგრამ რაც გუნდი ჩავიბარე, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ბუცები და ფორმი არ გვაქვს. ეხლა თანხის გამოყოფას გვპირდებიან, რომ სპორტული ფეხსაცმელი მაინც ვიყიდოთ. ბოლო თამაშზე თუ იყავით, ნახავდით, რომ წვიმიან ამინდში ბიჭები ფეხზე ვერ იდგნენ, ცურაობდნენ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ფინანსები ხელს შეგვიწყობს, შესაძლოა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელის ჩამოყვანა, რომელიც გუნდს ნამდვილად დაეხმარება. ჩემი მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ერთი ფეხბურთელი მოვიწვიეთ - ნოზაძე. გამოცდილია და ჩვენს გუნდშიც ისეთი ადგილი ვუპოვეთ, სადაც ძალიან გვიჭირდა, ფეხბურთში ეძახიან „აპორნი ნახევარმცველს“/ჩამშლელი.
- როგორც ცნობილია, მოწვეული ფეხბურთელებისა და ადგილობრივების ანზღაურებას შორის საგრძნობი სხვაობაა, თუ იგეგმება ხელფასის გათანაბრება?
- ეგ საკითხი უნდა დავაყენო, რომ როგორღაც ანაზღაურება გაუთანაბრდეთ. გუნდში არიან ადგილობრივი ბიჭები, რომლებიც უკეთესად თამაშობენ და იხარჯებიან. თავადაც ვერ გამიგია, გურჯაანელს რატომ უნდა ჰქონდეს ხელფასი 200 ლარი და ჩამოსულს 800 ლარი? ძირითადად ერთ დონეზე თამაშობენ, ბევრ მატჩში ადგილობრივი ჯობია, შესაბამისად, იმის გამო, რომ არასათანადო ანაზღაურება აქვთ, განაწყენებულები არიან. ახალი ბიუჯეტი რომ შედგება, ისე ჩამოვყალიბდებით, როგორც საჭიროა.
- ჩემი ინფორმაციით, „ალაზნის“ ფეხბურთელები დიდი ხანია გასვლით შეკრებაზე არ ყოფილან. გასაგებია, რომ ესეც თანხებთან არის დაკავშირებული, თუ აპირებთ მომავალში ამ საკითხის განხილვას?
- ამ ბიუჯეტით შეკრება ვერ მოხერხდება. ეგეც არ იყოს, მიმდინარე სეზონზე ისედაც შეუძლებელია. ეს უნდა გაკეთდეს ან პირველი და მეორე წრის შუაში, ან სეზონის დაწყებამდე. წელს სამწუხაროდ, თანხების უქონლობის გამო „ზბორები“ ჩაუვარდათ. დეკემბრის შუა რიცხვებში პირველი წრის ბოლო თამაში იქნება, ფეხბურთელებს ცოტა დავასვენებთ და იანვარში გვინდა გავიდეთ. ეგ არის პირველი საკითხი, გუნდი თუ შეკრებაზე არ წავიდა და არ მოემზადა, შედეგი არ იქნება შესაბამისი. სეზონის წინ საკონტროლო თამაშები ტარდება, რომლის მიხედვითაც პატარა რეორგანიზაცია ხდება გუნდში, ე.წ. შემადგენლობა შეირჩევა და ა.შ.
- ბატონო გოჩა, ყველამ ვიცით, რომ როდესაც გუნდი პირველ ლიგაში გადავა, მოიმატებს დონე, მოთხოვნა, ხარისხი და რა თქმა უნდა, ხარჯები. ამ თემასთან დაკავშირებით თუ არის მოლაპარაკება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და როგორ ფიქრობთ, მსგავსი ბიუჯეტი, რაც დღეს აქვს „ალაზანს,“ საკმარისი იქნება თუ არა „პირველი ლიგისთვის“?
- მე არ ვიცი პირველი ლიგისთვის რამდენს გამოყოფენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტი ფული დაგვჭირდება. პირველ ლიგაში გადასვლის შემდეგ მოიმატებს მგზავრობის ხარჯები, იმიტომ, რომ ცოტა შორს წასვლა მოგვიხდება თამაშებზე. თანაც წინა დღეს უნდა ჩახვიდე, რომ მოემზადო, მერე კვების ხარჯი და ა.შ. ფეხბურთელებიც ისეთები უნდა მოიწვიო, პირველი ლიგა რომ დაძრან. ადგილობრივებიც ითამაშებენ, მაგრამ ყველა ვერ შეძლებს, ესენი გამოუცდელები არიან, ამათ 2-3 წლის შემდეგ ექნებათ შესაბამისი დონე. პირველ ლიგაში ფეხბურთელს რომ დაუძახებ, 300 ლარად გურჯაანში არ ჩამოვა, იმას ცოტა მეტი უნდა, რომ მეტიც მოსთხოვო. უმაღლეს ლიგაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, მათი ჩამოყვანა იჯარით შეიძლება, რომ 2-3 თვე გვათხოვონ, ამასაც თანხები სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები