მარინა პეტრიაშვილი
გასულ კვირას, ახმეტაში კიკბოქსინგის სამატჩო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. თაზო ზავრაშვილი, თორნიკე სიმონიშვილი, გიორგი ქუმსიაშვილი, გოგიტა სეფიაშვილი, გურამ მამისმედაშვილი, გიორგი ნანუაშვილი და თორნიკე მთივლიშვილი I ადგილის მფლობელები გახდნენ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ: გიორგი ჩიკვაიძე, გიორგი ყოჩაშვილი, ვანო დაუდიშვილი, ომარ მანიაშვილი და ირაკლი კაჭარავა. კლუბ `ამირანის~ მწვრთნელი, სპორტის ოსტატი ამირან ანჯაფარიძე შედეგით კმაყოფილია.
თავისი სპორტსმენების ასპარეზობას დადებითად აფასებს და მომავალში უფრო დიდი წარმატების იმედს გამოთქვამს.
"ეს ტურნირი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სპორტსმენებმა კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მიიღეს. დეკემბრის შუა რიცხვებში ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული ფედერაცია ატარებს ჩემპიონატს და მასში ჩვენი გამორჩეული მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. კლუბ `ამირანის~ ბავშვები სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები, ამავე დროს მიზანდასახულები არიან, შესაბამისად, ყალიბდებიან როგორც კარგი მებრძოლები და კარგი პიროვნებები, რათა ჩვენს სამშობლოს გამოადგნენ. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ყველაზე პატარა სპორტსმენი, 11 წლის თორნიკე მთივლიშვილი, რომელმაც ასეთი მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე მე-5 გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა," _ გვითხრა ამირან ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, კლუბ `ამირანის~ სპორტსმენებისთვის ეს წარმატება არც პირველია და არც უკანასკნელი:
"25 სექტემბერს თბილისში ამიერკავკასიის ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 2 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გოგონებიდან იყო თამარ მთივლიშვილი, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სპეციალური დიპლომითა და მედლით დაჯილდოვდა, ბიჭებიდან კი _ თორნიკე მთივლიშვილი, რომელიც ასევე ჩემპიონი გახდა. ორივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ფულადი პრემიით დააჯილდოვა," _ გვითხრა მან.
ამირან ანჯაფარიძის თქმით, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც ნორჩ სპორტსმენებს ფინანსურად ეხმარებიან.
"ჩვენ ყოველთვის გვედრში გვიდგანან ადამიანები, რომლებიც დიდ დახმარებას გვიწევენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და სოციალური განვითარების სამსახურის უფროსი ნიკა ნიჟარაძე, გურჯაანის რკინიგზის კვანძის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი შავკაციშვილი და სოფელ ვეჯინის მკვიდრი მალხაზ ჭანყოშვილი. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ დახმარებისთვის," _ გვითხრა კლუბ `ამირანის~ მწვრთნელმა სპორტის ოსტატმა ამირან ანჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები