ავღანეთში დაჭრილმა კაპრალმა თემურ დადიანმა აზიდვაში საკუთარი მსოფლიო რეკორდი მოხსნა
– მან ერთი წუთის განმავლობაში 44 აზიდვა შეასრულა და წინა შედეგი 8 ერთეულით გააუმჯობესა. ჯარისკაცს წარმატება თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.
თემურ დადიანი გინესის რეკორდსმენი ქართველი ჯარისკაცია, რომელმაც ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა, გასულ წელს კი ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დღევანდელ ასპარეზობაზე საკუთარი შედეგის გასაუმჯობესებლად მას 36–ზე მეტი მოძრაობა უნდა შეესრულებინა.
სარეკორდო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე, მარათონული ტიპის გარბენის – „ერთად ვიმარჯვებთ“ დასრულების შემდეგ გაიმართა. დროის ერთწუთიან მონაკვეთში თემურ დადიანმა 45 აზიდვა შეასრულა, თუმცა ერთი მოძრაობა არასრულად შეფასდა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ სარეკორდო შედეგად 44 აზიდვა დაფიქსირდა.
ასპარეზობის შემდეგ, თემურ დადიანი პირველი რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ჯარისკაცს სერტიფიკატები გადასცეს მსოფლიო რეკორდსმენებმა – ანა ლომინაძემ და კუკური სალბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტით დასრულდა.
თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს. პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს ფარიკაობაში და აქტიურად ემზადება 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები