ქეთი არჯენიშვილი
საგარეჯოს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს არაერთი ძლიერი სპორტსმენი აღუზრდია და ახლაც აქტიურად მიდის ამ კუთხით მუშაობა. ახალგაზრდებს განსაკუთრებით თავისუფალი ჭიდაობა მოსწონთ. ა.ა.ი.პ საგარეჯოს #69-ე კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი, თემურ კურდღელაშვილი იმ მიღწევებზე საუბრობს, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგარეჯოელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
"ხუთი წლის განმავლობაში თავისუფალ ჭიდაობაში მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს, როგორც ჭაბუკებში, ისე ახალგაზრდებსა და უფროს ასაკში. ჩვენი აღზრდილია ბექა პეტრიაშვილი, რომელიც მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონია. ასევე ძლიერი სპორტსმენია ვასიკო მამულაშვილი, დათო ხუციშვილი და სხვ. (მწვრთნელი რამაზ ასაბაშვილი, დავით ბაბუნიძე, ზაზა ლაფერიშვილი)," _ ამბობს ა.ა.ი.პ საგარეჯოს #69-ე კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი, თემურ კურდღელაშვილი.
საქართველოს ნაკრების წევრი, ახალგაზრდა სპორტსმენი დავით ხუციშვილი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია. ივლისის თვეში მან ბაქოში ალიევის თასზე გამართულ შეჯიბრზე 76 კოლოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას საჩუქრად 10 ათასი დოლარი და მაჯის საათი გადაეცა. ოქროს პრიზიორი დავით ხუციშვილი 15 სექტემბერს სტამბულში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ასევე ძლიერი სპორტსმენია ვასიკო მამულაშვილი. "ვაპირებ, რომ თავისუფალ ჭიდაობას ბოლომდე გავყვე. მართალია, პატარა ტრავმა მქონდა და სულ ახლახანს განვაახლე ვარჯიში, მაგრამ ახლა უფრო მეტი შემართებით ვარ საბრძოლოდ განწყობილი," _ ამბობს ვასიკო მამულაშვილი, რომელიც 4 წლის წინ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი და ასევე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.
ბექა პეტრიაშვილი უკვე 10 წელია რაც თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობს. წელს ბათუმში გამართულ შეჯიბრზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასევე სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც თურქთან თანაბარ ორთაბრძოლაში მოწინააღმდეგეს მიანიჭეს გამარჯვება. "ბევრ შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა, აქედან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ევროპის ჩემპიონატს, სადაც II ადგილი დავიკავე. ყოველ შეჯიბრზე გარკვეულ გამოცდილებას ვიღებ და მომავალი ბრძოლისთვის მეტი მონდომებით ვემზადები. ყველას მოვუწოდებ, რომ სპორტით დაკავდნენ და თავისუფალ ჭიდაობაში ჩაერთვნენ,"_ ამბობს ბექა პეტრიაშვილი.
როგორც მწვრთნელი ბიჭიკო მარიდაშვილი განმარტავს, ახალგაზრდები ზოგადად სპორტის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენენ. "40 წელია, რაც მწვრთნელად ვმუშაობ. უნდა ითქვას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ბევრი არ არის დაკავებული, თუმცა ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი სპორტს დიდ უპირატესობას ანიჭებს," _ ამბობს ბიჭიკო მარიდაშვილი.
თემურ კურდღელაშვილი ასევე საუბრობს ლევან როჭიკაშვილზეც, რომელიც საქართველოს ჩემპიონია. "ლევანი საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენია. გარდა ამისა, 16-17 წლის ასაკის ახალგაზრდებში გვყავს კარგი მოჭიდავეები და მინდა, რომ მათ შეძლონ ის, რასაც დავით ხუციშვილმა, ბექა პეტრიაშვილმა და სხვებმა მიაღწიეს. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვუქმნით ისეთ პირობებს, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ბავშვებმა კარგი შედეგები აჩვენონ," _ აღნიშნა ა.ა.ი.პ საგარეჯოს #69-ე კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა, თემურ კურდღელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები