იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თესაუ) სტუდენტებმა „სტუდენტური დღეები 2015“-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე ყველაზე ორიგინალური ნომრისათვის პირველი ადგილი მოიპოვეს.
სტუდენტებმა კონკურსში საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი მომენტები წარმოადგინეს.
გამარჯვებული ნომრის იდეის ავტორი თესაუს დრამწრის ხელმძღვანელი ნონა ხუმარაშვილია, ხოლო რეჟისურა თესაუს კულტურის კოორდინატორს მაკა გრემელაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ წარმატებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერას უკავშირებს.
,,ჩვენი წარმატება მთლიანად მაკას დამსახურებაა. მადლობა მას თავდაუზოგავი შრომისა და საინტერესო სცენარისათვის. წარმოვადგინეთ პანტომიმა პატრიოტულ თემაზე, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა’’, - ამბობს სტუდენტი რუსუდან ზაზანაშვილი.
სტუდენტი მარიამ გომელაური მადლობას უნივერსიტეტს უხდის. იგი აღნიშნავს, რომ დარბაზი და ჟიურის წევრები ემოციას ვერ ფარავდნენ. "ბედნიერები და გახარებულები ვართ ამ გამარჯვებით. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თელავის უნივერსიტეტის გამარჯვებაა’’.
„სტუდენტური დღეები 2015“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 20 აპრილიდან მიმდინარეობს. ღონისძიებებში საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.
„ნამდვილად ვგულშემატკივრობდით ჩვენს სტუდენტებს და ყოველნაირად ვუწყობდით ხელს, თუმცა ეს წარმატება თითოეული მათგანის და მათი ხელმძღვანელის დამსახურებაა. გვიხარია და გვეამაყება, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები წარმატებით გამოდიან როგორც კულტურულ, ასევე სპორტულ ღონისძიებებზე. ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლასთან ერთად, თავისუფალი დროც შემოქმედებითად და საინტერესოდ გაატარონ ახალგაზრდებმა,“- აღნიშნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა.
„სტუდენტური დღეები 2015“ 3 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტით დაიხურება, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები, მათ შორის, ჩვენი უნივერსიტეტიც გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები