8 მაისს ქალაქ თბილისის მერიაში რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ქალაქ თბილისის მერიამ და „საქართველოს პაუერლიფტინგის ალიანსმა“ თბილისში, ძალისმიერი სპორტის სამჭიდში, წოლმჭიდში, ამოწევასა და ძალისმიერ ორჭიდში, ეკიპირებულ და არაეკიპირებულ დივიზიონში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ფასიანი პრიზები აბსოლუტურში მოასპარეზე სპორტსმენებს გადაეცათ, რომელთაგანაც სამი კახეთის წარმომადგენელი იყო.
500 ლარი გადაეცა ველისციხელ მსოფლიო რეკორდსმენ გიორგი ბეროშვილს, რომელმაც 125კგ. წონით კატეგორიაში წოლჭიმსა და აბსოლიტურ ჩათვლაში 285კგ-მით I ადგილი დაიკავა; ფულადი ჯილდო ასევე ერგო თელაველ ბექა ბოჭორიშვილს, რომელმაც სამჭიდში 82,5კგ. წონით კატეგორიაში I აიღო; ასევე 500 ლარი გადაეცა 16 წლის სიღნაღელ სპორტსმენს ჯონი ნანოდაშვილს, რომელმაც წოლჭიმში, 170კგ-ით გაიმარჯვა; ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ გიორგი ქავთარაძე (75კგ. წონით კატეგორიაში 200კგ-მით წოლჭიმის აბსოლიტურ ჩათვლაში III ადგილზე გავიდა) და ამირან ჯაჯანიძე (23 წლის, სამჭიდში I ადგილის მფლობელი გახდა).
გიორგი ბეროშვილის თქმით, ფულადი პრიზი ზოგადად აბსოლუტურში გასულ პირველ ადგილოსანს გადაეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში მერიამ აბსოლუტურ კატეგორიაში მონაწილე ყველა საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენი წაახალისა.
ასევე საქართველოში ძალისმიერი სამჭიდის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდნენ ვეტერანი სპორტსმენები და მწვრთნელები, რომელთაგან ერთ-ერთი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი შოთა ბეჟაშვილია. მას საპატიო ორდენი გადაეცა.
შეგახენებთ, რომ აპრილში ქალაქ თბილისში ძალისმიერ სამჭიდში გამართულ ევროპის ჩემპიონატში კახელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, ოქროს მედლები მოიპოვეს და რეკორდებიც მოხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები