განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ბოლო თვეების განმავლობაში საჯარო სკოლებს შორის სპორტის ამ სახეობაში ჩატარდა ტურნირი. მასში მონაწილეობდნენ მერვე და მეცხრე კლასის გუნდები. შეჯიბრის პირველი ეტაპი მოიცავდა რაიონულ, ხოლო მეორე _ რეგიონულ პირველობას.
აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით გამოვიდა ჭანდრის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი და კახეთის პირველობა მოიპოვა.
"საერთოდ, ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სახის ტურნირში ეს წარმატება ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. ბავშვებს უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, რომ ამგვარ შეჯიბრებში მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა და უკეთესად მოემზადონ," _ გვითხრა ჭანდრის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა პაატა ბერიკაშვილმა.
გამარჯვებული გუნდი საქართველოს პირველობისთვის ემზადება და დაკომპლექტებულია შემდეგი მონაწილეებით: ნატო ბერიკაშვილი, ნინო მანიჟაშვილი, ნატო სახიაშვილი, მარი სონღულაშვილი, თინათინ ომსარაშვილი, ქეთინო სიბაშვილი, სოფიკო ღორთქლიშვილი, ანნა ნაცვლიშვილი, თათია მანიჟაშვილი, მარიამი ქადაგიშვილი და ნათია ყაჭიური.
როგორც ჭანდრის საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა მჭედლიშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებს სპორტული წარმატებებისთვის ბრძოლაში დირექცია ყველანაირად შეუწყობს ხელს. "საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლა სპორტში საკმაოდ აქტიურია და მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრში ხშირად მონაწილეობენ. მათ არაერთხელ მოიპოვეს წარმატებები მძლეოსნობაში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდში და სხვ. მეოთხე წელია, რაც ჩვენი მოსწავლე დიმიტრი გველუკაშვილი მკლავჭიდში შეუცვლელი ლიდერია. ფრენბურთში გოგონათა წარმატება კი ჩვენთვის ნამდვილი ტრიუმფი იყო. ახლა ისინი საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან და გვინდა, რომ სპორტული ფორმები შევუძინოთ. სკოლის დირექცია ყველანაირად ეცდება, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიონ და ამ მიმართულებით წარმატებებსაც მიაღწიონ," _ ამბობს მანანა მჭედლიშვილი.
გამარჯვებული მოსწავლეები წარმატებით კმაყოფილები არიან და მომავალში უფრო მეტი შემართებით აპირებენ ბრძოლას.
მასალის გამოყენების პირობები