ქეთი არჯენიშვილი
ფეხბურთი რომ უმრავლესობისთვის საყვარელი სპორტია, ცხადია, მაგრამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ბავშვთა საფეხბურთო გუნდები თითქმის ყველა სოფელში ჩამოყალიბდა. სექტემბრიდან კი სპორტის ამ სახეობაში ჩართვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში მცხოვრებ ბავშვებსაც შეეძლებათ. დაახლოებით ათი დღის წინ მინიფეხბურთში რეგიონალური პირველობა ჩატარდა, სადაც საგარეჯოს გუნდმა ფინალში იასპარეზა. მართალია, თელავის გუნდთან დამარცხდა, მაგრამ სპორტსმენებმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მიიღეს.
"ბავშვთა საფეხბურთო გუნდები ასპარეზობენ როგორც კახეთის, ასევე საქართველოს პირველობაზე და არც თუ ისე ურიგოდ," _ ამბობს ფეხბურთის სკოლის დირექტორი თემურ ხუციშვილი.
უკვე მეექვსე წელია, რაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ფეხბურთში წრიული სისტემით ტარდება. ამჯერად, შეჯიბრი საგარეჯოს სკოლებს შორის ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ 1998-99 წლებში და 2000-01 წლებში დაბადებული ბავშვები. საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე მართლაც ბევრმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. უფროს ასაკში პირველი და მეოთხე საჯარო სკოლების ფეხბურთელები პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კარგი თამაშით თავი გამოიჩინეს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნიკა კოხტაშვილმა, ანდრო ჩერქეზიშვილმა და გიორგი თუნიამ. შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 3:3 და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტები დაინიშნა. ხუთ-ხუთი საჯარიმოს დარტყმა ზუსტად შეასრულეს მეოთხე საჯარო სკოლის ფეხბურთელებმა და ჩემპიონებიც დამსახურებულად გახდნენ. აღნიშნული თამაშის მსაჯი თბილისის ვიტჯორჯიას დუბლების მოთამაშე გიორგი ნიჟარაძე იყო. რაც შეეხება უმცროსი ასაკის ფეხბურთელებს, ამ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა #1 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი.
"უნდა აღინიშნოს, რომ ამ სკოლაში ბევრი აქტიური და პერსპექტიული ფეხბურთელია, მათ შორის ნიკა კუჭუაშვილი, რომელიც წარსულში თბილისის დინამოს ფიზმომზადების და გურჯაანის `ალაზნის~ მწვრთნელთან ირაკლი გორგოშიძესთან თბილისის ბავშვთა საფეხბურთო გუნდ `ვიტჯორჯიაში~ ვარჯიშობს. ზოგადად მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ," _ განმარტა თემურ ხუციშვილმა. თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის უფროსმა ძაგული მათიაშვილმა პირადად გადასცა სიგელები და წარმატებები უსურვა. მსგავსი ტურნირი შემოდგომითაც ჩატარდება და მასში ყველა საჯარო სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას, შემდგომ კი ასაკის მიხედვით ფეხბურთელთა გუნდები დაკომპლექტდება.
მასალის გამოყენების პირობები