სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში M 1-ის 55-ე ეტაპი ჩატარდა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
სპორტის სასახლეში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ქართველი, ტაჯიკი, ესპანელი, რუმინელი, სლოვაკი, რუსი, ფინელი, ხორვატი და გერმანელი მებრძოლები იხილა.
ქართველმა მაყურებელმა გურამ გუგენიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, რასაც ტურნირის დაწყებამდე სპორტის სასახლის შესასვლელთან გრძელი რიგი მოწმობს. ორგანიზატორებმა მაყურებლებს გურამ გუგენიშვილზე გაკეთებული ვიდეო აჩვენეს, რასაც სპორტის სასახლეში მყოფი გულშემატკივრების დიდი ოვაციები მოჰყვა. დარბაზში გურამის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
ქართველი გულშემატკვირებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, საშუალო წონაში რაულ თუთარაშვილმა რუსი არტურ ალიევი "მტკივნეული" ილეთით დაამარცხა. მძიმე წონაში ლევან რაზმაძე რუს არსენ აბდულქერიმოვს დაუპირისპირდა. ბრძოლის დაწყებისთანავე ლევანი აქტიურად ცდილობდა მეტოქესთვის ფეხი დაეჭირა და შემდეგ ძირს დაეგდო, ერთხელ გამოუვიდა კიდეც, მაგრამ რუსმა შეძლო თავის დაღწევა. აბდულქერიმოვმა ლევანს ხელი დაუჭირა "მტკივნეულ" ილეთზე და რაზმაძე დანებდა.
ნოდარ კუდუხაშვილმა წარმოშობით იტალიელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოასპარეზე ლუიჯი ფიოვარანტი 3 რაუნდიან დაპირისპირებაში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ასაკში გურამ გუგენიშვილი ავტოკატასტროფაში გასული წლის ნოემბრის თვეში გარდაიცვალა. გუგენიშვილი M-1 Challenge-ის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. გურამმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო, საწყის ეტაპზე ზედიზედ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მიმდევრობით M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები