ქეთი არჯენიშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტში 29 მაისს სახალხო დღესასწაულზე, `ზეზვაობაზე~ კიკბოქსინგში გაიმართა სარეიტინგო ტურნირი. მასში მონაწილეობდნენ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავისა და ახმეტის სკოლები.
შეჯიბრზე გურჯაანიდან კიკბოქსინგის კლუბ `ამირანიდან~ წარდგენილი იყო ხუთი სპორტსმენი, აქედან სამმა მათგანმა: ზურა ზარდიაშვილმა (60 კგ. წონითი კატეგორია), თორნიკე სიმონიშვილმა (50 კგ.წონითი კატეგორია) და თორნიკე მთივლიშვილმა (30 კგ.წონითი კატეგორია) პირველი ადგილი დაიკავა.
`ამირანის~ მწვრთნელი ამირან ანჯაფარიძე თავისი მოსწავლეების გამოსვლით კმაყოფილია და ახალგაზრდა სპორტსმენებს დადებითად აფასებს. "მინდა გითხრათ, რომ ტურნირის შედეგებით კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას, მით უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენენ და მომავალი წარმატებისთვის ბრძოლა გაუადვილდებათ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ვეჯინის საჯარო სკოლის პედაგოგებს, ლელა მოდებაძეს და თამრიკო ბაწაშვილს იმისთვის, რომ თანადგომას გვიწევენ და ბავშვებს მოუწოდებენ აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი," _ გვითხრა კლუბ `ამირანის~ მწვრთნელმა ამირან ანჯაფარიძემ.
გამარჯვებულებისთვის დიპლომები, მედლები და ფასიანი საჩუქრები ახმეტის გამგეობამ დააწესა. როგორც 10 წლის თორნიკე მთივლიშვილი ამბობს, ჩხუბი გაუჭირდა, მაგრამ გამარჯვებისთვის მაინც ბოლომდე იბრძოლა. ასევე ძლიერი მეტოქე შეხვდა ზურა ზარდიაშვილს. "ჩემი მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, მაგრამ გავიმარჯვე და ასეთი შედეგით მართლა კმაყოფილი ვარ," _ გვითხრა ზურა ზარდიაშვილმა.
ტურნირში მესამედ მონაწილეობდა 13 წლის თორნიკე სიმონიშვილი. "პირველი შეჯიბრი წავაგე, ბოლო ორი კი _ მოვიგე. ყოველი შეჯიბრი ჩემთვის მეტი გამოცდილების მომცემია და ვფიქრობ, ნელ-ნელა შედეგიც უკეთესია," _ ამბობს თორნიკე სიმონიშვილი. სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის პედაგოგები თავიანთი მოსწავლეების სპორტული მიღწევებით კმაყოფილები არიან და სხვა მოზარდებსაც სპორტით დაკავებისკენ მოუწოდებენ.
როგორც სპორტის ოსტატი ამირან ანჯაფარიძე აღნიშნავს, კლუბი `ამირანი~ კახეთის პირველობისთვის ემზადება, რომელიც 12 ივნისს ჩატარდება. "ვფიქრობთ, რომ შედეგები კარგი იქნება, ბიჭები აქტიურად ვარჯიშობენ, თავს არ ზოგავენ და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ," _ ამბობს ამირან ანჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები