ქეთი არჯენიშვილი
გასულ კვირას კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონალურმა ფედერაციამ კიკბოქსინგში ჩაატარა სამატჩო ტურნირი ახმეტისა და გურჯაანის გუნდებს შორის. მასში მონაწილეობდა ახმეტის სამი, ხოლო გურჯაანის ერთი გუნდი. კიკბოქსინგის კლუბი
`ამირანი~ უკვე წლებია, რაც ფუნქციონირებს და მისმა სპორტსმენებმა არაერთხელ ასახელეს გურჯაანი.
მათი გამოსვლა ამჯერადაც წარმატებული აღმოჩნდა. ტურნირზე ექვსი სპორტსმენი მონაწილეობდა და აქედან ოთხმა მათგანმა პირველი ადგილი დაიკავა, ესენი არიან: გიორგი ნანუაშვილი (50 კგ. წონითი კატეგორია), თორნიკე მთივლიშვილი (30 კგ. წონითი კატეგორია), გურამ მამისმედაშვილი (60 კგ. წონითი კატეგორია), თორნიკე სიმონიშვილი (50 კგ. წონითი კატეგორია). პრიზიორები გახდნენ გიორგი ჩიკვაიძე (45 კგ. წონითი კატეგორია) და ალექსანდრე ნატროშვილი (40 კგ. წონითი კატეგორია).
თორნიკე მთივლიშვილი, რომელიც კლუბ `ამირანის~ ასაკით ყველაზე პატარა სპორტსმენია, თავისი წარმატებით გახარებულია. "სამი თვეა, რაც კიკბოქსინგში ვვარჯიშობ და გამარჯვება მართლა ძალიან გამიხარდა. სპორტის ეს სახეობა იმიტომ მომწონს, რომ ვფიქრობ, თავდაცვის მიზნით ცხოვრებაში ძალიან გამომადგება. მომავალში ვარჯიშს აუცილებლად გავაგრძელებ და კიდევ უფრო მეტს მივაღწევ," _ ამბობს ათი წლის თორნიკე მთივლიშვილი.
ჯგუფ `ამირანის~ მწვრთნელი, ამირან ანჯაფარიძე, თავისი სპორტსმენების გამოსვლას დადებითად აფასებს. "ამ ბავშვებმა ძალიან ბევრი იშრომეს და დაუფასდათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია, როცა 6 სპორტსმენიდან 4 პირველი ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ არ წაუგიათ, ეს იყო მართლაც ვაჟკაცური გამოსვლა. ანუ, ჩვენ წაგებაც ვაჟკაცური ვიცით. უახლოეს მომავალში, მაისის თვეში იგეგმება კახეთის ჩემპიონატი და ვეცდებით, რომ მასში მონაწილეობისთვის ფინანსები მოვიძიოთ,"_ ამბობს სპორტის ოსტატი ამირან ანჯაფარიძე. იგი აქვე ფედერაციის სახელით, მადლობას უხდის გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლალი გაბიტაშვილს და სკოლის პედაგოგებს იმისთვის, რომ კარგ მოსწავლეებს ზრდიან.
მასალის გამოყენების პირობები