[caption id="attachment_1255" align="alignright" width="300" caption="დავით ფურძელაძე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება"][/caption]
ქეთი არჯენიშვილი
საქართველოს კრივის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე წლის 1-6 მარტს ფოთში ჩატარდა ჩემპიონატი კადეტებს შორის. გურჯაანიდან მონაწილეობდა 3 მოკრივე, რომელთაგან ერთ-ერთი, დავით ფურცელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
როგორც მისი მწვრთნელი თამაზ ლაზაშვილი ამბობს, ჩემპიონატზე 160 მონაწილიდან ასეთი ძლიერი გამოსვლა არავის ჰქონია."დათო ფურცელაძემ 80+ კგ წონით კატეგორიაში 1 ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მძიმე წონაში სულ 5 მოკრივე იყო. ნახევარფინალში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ფინალში რინგზე ასვლა აღარ დასჭირდა. მისმა მოწინააღმდეგემ დათოსთან შეხვედრაზე უარი თქვა, რადგან დაინახა რა ძალის პატრონიცაა," _ ამბობს დავით ფურცელაძის მწვრთნელი თამაზ ლაზაშვილი.
მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ დავითის თითქმის ყველა გამოსვლა წარმატებულია. "დათო საქართველოს ნაკრების წევრია და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი წარმატებებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობა გვინდა," _ ამბობს თამაზ ლაზაშვილი.
მიმდინარე წლის ზაფხულში ახალგაზრდა სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთში გაიმართება. მანამდე კი მას წინასაერთაშორისო გასვლითი ტურნირები ელის.
დავით ფურცელაძე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და უკვე არაერთი წარმატება მოიპოვა. იგი დაახლოებით ხუთი წელია, რაც კრივში ვარჯიშობს და გადაწყვეტილი აქვს ამ მიმართულებას გაჰყვეს.
"ნახევარფინალში ბრძოლა არ გამჭირვებია. მართალია, ჩემი მოწინააღმდეგე კარგად იყო მომზადებული, მაგრამ ადვილად დავამარცხე და გამარჯვება მოვიპოვე. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთივე წარმატებული გამოსვლა მექნება ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის თავს არ დავზოგავ და კიდევ უფრო უკეთესად მოვემზადები," _ ამბობს საქართველოს ჩემპიონი დავით ფურცელაძე, რომელსაც მომზადების დროს სპარინგ-პარტნიორობას ზაზა ლაზაშვილი უწევდა.
მასალის გამოყენების პირობები