21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის - ლევან ყიფიანის, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებისა და ცნობილი სპორტსმენების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა სლოგანით - „სპორტი ძალადობის წინააღმდეგ".
აღნიშნული ბრიფინგით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას იწყებს, რომლის მთავარი გზავნილებია: „არა - ოჯახურ ძალადობას" და „არა - ქალზე ძალადობას". ბრიფინგზე მინისტრთან ერთად, საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს კალათბურთის, ძიუდოს, საუნივერსიტეტოს სპორტის, შშმ პირთა მკლავჭიდის, წყალბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა.
ბოლო პერიოდში, საქართველოში სამწუხაროდ განსაკუთრებით აქტუალური და გახშირებულია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რის გამოც სამინისტრო და ცნობილი სპორტსმენები მოუწოდებენ საზაგადოებას გაერთიანდნენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამომავლოდ, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების კონსოლიდირებას ძალადობის ნესბისმიერი გამოვლინების მიმართ.
„დღეს აქ შეიკრიბნენ სპორტსმენები, რომლებიც თავისი კარიერით, წარმატებით, ცხოვრების წესით მისაბაძები არიან თითეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის და დარწმუნებული ვარ, მათი მოქალაქეობრივი პოზიცია, მათი დამოკიდებულება ისეთი მტკივნეული საკითხისადმი, როგორც ოჯახური ძალადობაა, ასევე სამაგალითო და გადამდები გახდება გულშემატკივარისთვის" - აცხადებს ლევან ყიფიანი.
ცნობილია, რომ სპორტს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში. სპორტი გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებასა და ადამიანთა ქცევაზე, სპორტის აღმზრდელობით ფუნქციაზე განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება ახლახანს მიღებულ სპორტის პოლიტიკის დოკუმენტში.
ეს ყოველივე ერთობლიობაში კი სპორტის როგორც ინსტრუმენტის გამოყენების საშუალებას იძლევა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სპორტის მეშვეობით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და გაერო ერთობლივად ახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები