[caption id="attachment_1155" align="alignleft" width="225" caption="კლუბ 'ამირანის" სპორტსმენები უკეთესი შედეგისთვის იბრძოლებენ"]
[/caption]
მიმდინარე წლის 12 თებერვალს ქალაქ თელავში კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონალურმა ფედერაციამ კიკბოქსინგში ტურნირი ჩაატარა. მასში ბორჯომის, თბილისის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თელავის და გურჯაანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. კიკბოქსინგის სკოლა `ამირანის~ ხელმძღვანელი და სპორტის ოსტატი ამირან ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი შეჯიბრის გამართვა სპორტის განვითარებას უწყობს ხელს.
"კარგია, როდესაც აქტიურად ხდება მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ამგვარი შეჯიბრი კი სპორტსმენებს წაახალისებს და უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ ტურნირზე მეტი მოსწავლის წაყვანა მინდოდა, თუმცა უფინანსობის გამო ვერ მოხერხდა. კლუბი შემოწირულობების ხერჯზე მუშაობს და მშობლების დახმარებით, სამწუხაროდ, მხოლოდ ოთხი სპორტსმენი გავიყვანე. მინდა გითხრათ, რომ მათი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, თუმცა მომავალში უკეთესი შედეგისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ," _ აღნიშნა კლუბ `ამირანის~ ხელმძღვანელმა ამირან ანჯაფარიძემ.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა ალექსანდრე ნატროშვილმა (45 კგ. წონითი კატეგორია), მეორე ადგილებზე გავიდნენ გიორგი ნანუაშვილი (51 კგ.წონითი კატეგორია) და ლუკა ჯაჭვაძე (25 კგ. წონითი კატეგორია), ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ჩიკვაიძე (53 კგ. წონითი კატეგორია).
12 წლის ალექსანდრე ნატროშვილი დაახლოებით ორი თვეა, რაც კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მისთვის პირველი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია. "ბრძოლა არ გამჭირვებია, მოწინააღმდეგე დავამარცხე და ძალიან გახარებული ვარ. სპორტის ეს სახეობა მომწონს და მინდა, რომ ბოლომდე გავყვე," _ ამბობს ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრე ნატროშვილი.
გიორგი ნანუაშვილი და `ამირანის~ ყველაზე მცირეწლოვანი სპორტსმენი ლუკა ჯაჭვაძე, რომლებიც მეორე ადგილზე გავიდნენ, სამომავლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მესამე ადგილის მფლობელი, გიორგი ჩიკვაიძე კი ორი თვეა, რაც კიკბოქსინგში ვარჯიშობს. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ყოველი ტურნირი გამოცდილების მიღების კუთხით მეტად მნიშვნელოვანია.
სპორტის ოსტატი ამირან ანჯაფარიძე მადლობას უხდის ქალაქ გურჯაანის #2, სოფელ ჩუმლაყის და ზეგაანის სკოლების პედაგოგებს იმისთვის, რომ ზრუნავენ, რათა თავიანთი მოსწავლეები სპორტით დაკავდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიონ.
მასალის გამოყენების პირობები