ნათია გელაშვილი
ქალაქ თელავში გიორგი ელიოზიშვილის სახელობის ტურნირში, რომელშიც, აგრეთვე, მონაწილეობდნენ საქართველოს ქალთა ოლიმპიური ნაკრების წევრები, ბელა ხოტენაშვილი და ლეილა ჯავახიშვილი, ვეტერან მოჭადრაკეთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა ივანე სიფრაშვილმა, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რეგიონალურმა საბჭომ და კახეთის ფედერაციამ კი, სპორტის ამ სახეობაში ნაყოფიერი მუშაობისთვის დააჯილდოვა სიგელით.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 70-იან წლებში მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა რაიონულ სახლთან მოჭადრაკეთა წრე არსებობდა, რომელსაც თენგიზ კახელიშვილი ხელმძღვანელობდა. Pპირველად აქ მიუჯდა ჭადრაკის დაფას. შემდეგ კი თანდათან ოსტატდებოდა უფროს მოჭადრაკეებთან _ რობიზონ ღონიაშვილთან, ომარ კოკოლიშვილთან და ზამო არტემოვთან პაექრობებში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ მოიგო ნახევარფინალები კახეთის პირველობაზე.
გადიოდა წლები და იგი, როგორც მოჭადრაკე, იზრდებოდა. მისი პედაგოგები იყვნენ: ნ. საროკინი, ე. გუფერდი, მ.შიშოვი, ბ. გურგენიძე. მონაწილეობდა სხვადასხვა ქალაქებში გამართულ შეჯიბრებებში _ ერევანში, ყირიმსა და ანაპაში. იგი საქართველოს ჩემპიონატის უცვლელი მონაწილეა. მინიჭებული აქვს ინსტრუქტორ-მეთოდის წოდება.
სულ ორი წელია, რაც ჭადრაკის სექციას ხელმძღვანელობს, რომელიც ორ ჯგუფად მუშაობს: ქ. სიღნაღსა და ქ. წნორში და 30 ბავშვია გაერთიანებული.
"ზოგიერთ მათგანზე დიდ იმედებს ვამყარებ. გიორგი სიფრაშვილი და ბაია ჯავაშვილი მუნიციპალიტეტის ჩემპიონები არიან, გიორგი მათეშვილი კი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. მათ არ ჩამორჩებიან ნინო მამუკელაშვილი, 8 წლის თეონა ჯავაშვილი და ანი ბოქოლიშვილი. ამჟამად ეს მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან," _ სიამაყით ამბობს ივანე სიფრაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები