13 სექტემბერს სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გუნდური შეჯიბრი - Red Bull GerGetIt - გაიმართება.
Red Bull GerGetIt - ესტაფეტური შეჯიბრია, რომელიც საქართველოში წელს უკვე მეორედ ჩატარდება. ღონისძიება ექსტრემალური სპორტის ოთხი დისციპლინის უნიკალური კომბინაციაა: თითოეული გუნდი შედგება კაიაკერის, მეკლდეურის, სამთო ველოსიპედისტისა და სამთო მორბენალისაგან. მონაწილეები ამავე თანმიმდევრობით გადასცემენ ერთმანეთს ესტაფეტას წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს მარშრუტის დაძლევას, რომლის ფინიში გერგეთის მთის ფერდობზეა.
2013 წელს Red Bull GerGetIt-ში მონაწილეობა 16 გუნდმა მიიღო, სპეციალურად შეჯიბრისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. წელს მონაწილეთა რაოდენობა 25 გუნდამდე გაიზრდება და შეჯიბრს რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ბელორუსია შემოუერთდება. გუნდების რეგისტრაცია დაწყებულია და მიმდინარეობს ვებგვერდზე www.redbullgergetit.com.
კაიაკით დაშვება: 7 კმ, მდინარე თერგი; კოორდინატორი - ცნობილი ექსტრემალი და კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა
კლდეზე ცოცვა: 30 მეტრის სიმაღლის კლდე; კოორდინატორი - ცნობილი მთასვლელი ტატო ნადირაძე
სამთო ველოსპორტი: 10 კმ; კოორდინატორი - გიორგი ბაბუხადია
სამთო სირბილი: 7 კმ; კოორდინატორი - ცნობილი სპორტსმენი (მძლეოსნობა, სირბილი), ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი
ღონისძიების მსვლელობის დროს დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, ადგილზე მობილიზირებული იქნება მაშველთა ჯგუფი.
საპრიზო ფონდი 8000 ლარს შეადგენს, საიდანაც 4000 ლარს გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზები სპონსორებისაგან იმ მონაწილეებისათვის, რომლებიც თითოეულ დისციპლინაში საუკეთესო დროის შედეგებს აჩვენებენ.
Red Bull GerGetIt - საერთაშორისო პროექტი Red Bull Dolomitenmann - ის ქართული ანალოგია; მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ქართულ შეჯიბრში კლდეზე ცოცვაა დამატებული. Red Bull Dolomitenmann ავსტრიის დოლომიტის ალპებში ყოველწლიურად იმართება და ის ცნობილია როგორც ყველაზე რთული ესტაფეტური შეჯიბრი დასავლეთ ევროპაში. წარმატებული „დებიუტის" შემდეგ Red Bull GerGetIt-ის მიზანია გახდეს ყველაზე პრესტიჟული გუნდური შეჯიბრი აღმოსავლეთ ევროპაში, რაც მას მიმზიდველ საერთაშორისო პროექტად აქცევს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები