სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და საფრანგეთის ღვინის
კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ
თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც
ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად
გამოცხადდება. 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს ღვინის მსოფლიო
ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და
მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის "ვენახი
-საქართველო" ორგანიზატორი იქნება.
ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის საგამოფენო სივრცე თვენახევრის
განმავლობაში მთლიანად ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის
წარმოჩენა-პრეზენტაციას დაეთმობა. გამოფენის პარალელურად,
დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაციების, კონფერენციების, ფილმების
ჩვენებების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა. აღნიშნული
ღონისძიებების ორგანიზებასა და დაფინანსებას ქართულ მხარესთან ერთად,
ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდი განახორციელებს.
მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო
ცენტრი,რომლის აშენება ქალაქ ბორდოს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას
წარმოადგენს, 2016წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. ღვინის მსოფლიო
ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის
დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი.
ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და
მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საქართველოში გამოფენის საორგანიზაციო
საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა. კომისიას,
რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების
წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია
ხელმძღვანელობს. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის
ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან
დავითაშვილი,საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მრჩეველი მერაბ
მიქელაძე, საპატიო კონსული ბორდოში ალენ ღამბაშიძე და საფრანგეთში
საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები