ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო იძულებით ვაქცინაციას ატარებს. აღნიშნულ სოფელში საქონლის ჯილეხით დაავადების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც რვა ადამიანი დაინფიცირდა. მოკვლევის შედეგად დადგინდა რომ,
პატრონმა პირუტყი დაკლა, ნაწილი ოჯახში მიირთვეს, ნაწილი კი გაყიდეს. ხორცი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს. მოეწყო სპეციალური სარკოფაგი, რათა არ მომხდარიყო კერის გააქტიურება.
იგეგმება თუ არა მსგავსი ღონისძიების გატარება კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, ამის გასარკვევად სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს დავუკავშირდით.
-"ლაგოდეხში ვაქცინაცია იძულებით მიმდინარეობს, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დაავადება ფიქსირდება. შესაბამისად, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში თუ დაავადება არ გამოვლინდა, იძულებითი აცრები არ იგეგმება," _ აღნიშნა ვერიკო გულუამ და იქვე განმარტა.
-"პროფილაქტიკის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ჯილეხის ისტორიულ კერებში ვაქცინაცია ჩატარდა. კახეთში სულ 36 962 სული პირუტყვი აიცრა. სიღნაღში 7 504 სული, თელავში _ 964 , ლაგოდეხში _ 419, საგარეჯოში _ 23 242 სული."
ვერიკო გულუას თქმით, დაავადებული საქონლის ხორცის საკვებად გამოყენება დაუშვებელია.
-"თუკი პირუტყვი დაავადებულია, როგორც წესი, განკურნება არ ხდება. დაავადებული საქონლის ხორცის საკვებად გამოყენება ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით დაუშვებელია. ასევე არ შეიძლება დაცემული საქონლის დაკვლა-გატყავება. გატყავების დროს თუკი ადამიანს დაზიანებული აქვს ხელი, შესაძლოა, ინფექცია აქედან შეიჭრას. ასეთ შემთხვევაში უნდა შეატყობინონ ვეტერინარს. სარკოფაგი ცხოველის დაცემის ადგილას იქმნება, რათა მოხდეს ლოკალიზება. დაავადებული ცხოველის ლეში შესაბამისი წესების დაცვით იწვება. ჭამა ყოვლად დაუშვებელია."
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი ლალი ბაცანაძე ჯილეხის შესახებ გვესაუბრა.
-"ჯილეხი ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაინფიცირებული ცხოველიდან ადამიანებში გადადის. ავადმყოფს გამოხატული აქვს კანის ფორმა, იწყება კანის შეთეთრება, ჩნდება ბუშტუკები, შემდეგ სკდება და შიგთავსი შავდება. შესაძლოა, ორგანიზმში ცვლილებები განვითარდეს. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდიკას, ამას თავად ექიმი წყვეტს," _ აღნიშნა მედიკოსმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჯილეხის ორი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება პირუტყვს, კახეთის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებულია ჯილეხის 2 შემთხვევა: ერთი საგარეჯოში, მეორე _ ლაგოდეხში.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები