21 მარტს ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის" გურჯაანის ფილიალში აქცია გაიმართა. როგორც ჩვენთან საუბარში "ოფთალმიჯის" კახეთის რეგიონულმა დირექტორმა მანანა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ტიპის ღონისძიება ხშირად ტარდება და მოსახლეობაც აქტიურადაა ჩართული.
პაციენტების თქმით, მომსახურებით კმაყოფილები არიან.
-"სოციალურად დაუცველი ვარ, ამიტომ ეს აქცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთოდ მხედველობის პრობლემები მაქვს. ახალგაზრდა ქალი ვარ და მინდა დროულად მივაქციო ყურადღება," _ გვითხრა მანანა ბიბილაშვილმა.
როგორც კალაურის მკვიდრმა ნიკოლოზ დავითაშვილმა აღნიშნა, ფინანსურად უჭირს, ამიტომ ეს აცია მისთვის დროული იყო.
-"მხედველობა ძალიან დამაკლდა. ექიმთან მისვლის საშუალება არ მქონდა. როდესაც გავიგე, რომ ასეთი აქცია იმართებოდა, ჩამოვედი. გავესინჯე და დიაგნოზიც დამისვეს. მომსახურებით კმაყოფილი ვარ. თუ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ღონისძიება, ძალიან კარგი იქნება."
მანანა ხუციშვილის თქმით, აქციების ჩატარება საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით მოხდა.
-"იმ გაჭირვებისა და სირთულეების ფონზე, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაშია, გადავწყვიტეთ 21-22 მარტს აქცია გაგვემართა. რადგან გურჯაანი მრავალრიცხოვანი რაიონია, უფასო მომსახურება შემდეგ კვირაშიც გაგრძელდება. ჩვენთვის ძნელია მოსახლეობის ინფორმირება, ამიტომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტი, სოფლის რწმუნებულები და ჯანდაცვის სექტორი გვეხმარება. ყველა კატეგორიის პაციენტს უფასოდ ვემსახურებით.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპიც, ის პაციენტი, რომელმაც კონსულტაცია უკვე გაიარა, მიიღებს ბართს, რის საფუძველზეც შემდეგი ვიზიტზე ფასდაკლებით ისარგებლებს," _ გვითხრა მანანა ხუციშვილმა და იმ მომსახურებაზეც ისაუბრა, რაც დღესდღეობით კახეთში მხოლოდ მათ კლინიკაშია შესაძლებელი.
-"ჩვენ გვაქვს ნაპრალოვანი მიკროსკოპი, რომელითაც კახეთში ამ ეტაპზე ჩვენს გარდა არც ერთი ოფთალმოლოგი არ მუშაობს. დღესდღეობით ამის გარეშე ოფთალმოლოგიაში სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია,~" _ აღნიშნა მან.
როგორც ქალბატონმა მანანამ განმარტა, ყველა ის პაციენტი, რომელიც ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას და შემდგომში ოპერაცია დასჭირდება, შეღავათებით ისარგებლებს.
-"ისეთ პაციენტებს, რომელსაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება და, სავარაუდოდ, ასეთი ბევრი იქნება, გარკვეულ წილად მუნიციპალიტეტის გამგეობაც დაეხმარება. ჩვენ თვითონაც გავაკეთებთ შეღავათს და პაციენტს მხოლოდ მცირე რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს. ეს ყველა იმ ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინც ჩვენს აქციაში მიიღებს მონაწილეობას. ოპერაციებიც ადგილზე ჩატარდება," _ გვითხრა "ოფთალმიჯის" კახეთის რეგიონულმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ფილიალს იმის საშუალებაც გააჩნია, რომ დროულად მოხდეს ბავშვებში ისეთი პათოლოგიის აღმოფხვრა, როგორიცაა სიელმე. მათთან ასევე შესაძლებელია კომპიუტერული ვარჯიშების ჩატარება.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები