მიმდინარე წელს საქართველოში წითელათი დაინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა გასულ წელს ეს რიცხვი 32-ით განისაზღვრებოდა. თუმცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ეპიდემია არ არსებობს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა წითელა-წითურას სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
იგეგმება თუ არა მსგავსი ღონისძიებები რეგიონებში და როდის დაიწყება? ამ კითხვით აღნიშნული სამსახურის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მივმართეთ:
-"წითელა-წუთურას 170 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 157 თბილისში დაფიქსირდა. იმის გამო, რომ შეინიშნებოდა წითელას სერიოზული მატება, თბილისში დაიწყო ე.წ. გაწმენდითი ოპერაცია, ანუ 30 წლის ასაკამდე იმ პირების აცრა, ვინც დაინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში იყო. დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 353 ასეთი პირი. ასევე იცრებიან 7 წლის ასაკის ბავშვები, ვისაც სავალდებულო აცრა გამოტოვებული აქვს 12 თვისა და 5 წლის ასაკში. 15 დღის განმავლობაში ასეთი 1864 ბავშვია აცრილი.
ახლა რაიონების საკითხზე ვმუშაობთ, ჩავატაროთ თუ არა გაწმენდითი ოპერაცია. ორშაბათიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ვმუშაობთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაიონებში კი ის ბავშვები, ვისაც სავალდებულო აცრა გამოტოვებული აქვს, მშობელმა აუცილბლად უნდა მიიყვანონ და აცრან. ეს მომსახურება მათ უფასოდ ეკუთვნით," _ აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
ის ვირუსის შემთხვევების გახშირების მიზეზად 2008 წელს ჩავარდნილ იმუნიზაციის პროგრამას ასახელებს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაშინ წითელა-წითურაზე აცრა არ ჩაიტარა. აღნიშნულის შესახებ "სპექტრი" 2008 წლის #35 (231)-ში წერდა.
პედიატრი ნაირა სეხნიაშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამის წარუმატებლობის მიზეზი მედიით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია იყო.
მედიკოსების განმარტებით, წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, თვალის, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება, ლაქოვანი გამონაყარი და სასუნთქი ორგანოების მხრივ ხშირი გართულებები. ეს დაავადება პირველად მეცხრე საუკუნეში აღწერეს და მხოლოდ მეოცე საუკუნეში დადგინდა მისი ვირუსული ბუნება.
აღნიშნული დაავადების შესახებ "სპექტრი" პედიატრ ნაირა სეხნიაშვილს ესაუბრა.
_ წითელას გამომწვევი მიზეზი ვირუსია, ეს დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება. ყველაზე მაღალ რისკჯგუფს 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები განეკუთვნებიან, მაგრამ დღეის მდგომარეობით უფრო მეტი ეპიდემიური საფრთხე 18-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებში არსებობს. ეს გამოიწვია იმან, რომ საქართველო იყო მძიმე გარდამავალ პერიოდში და იმ დროს ვერ ხდებოდა ბავშვების აცრა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით.
_ რა სიმპტომები ახასიათებს წითელას?
_ იწყება კატარალური მოვლენებით, ცხვირის ცემინებით, სურდოთი, ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან, თავის ტკივილით, ხველით. ეს პერიოდი გასტანს 4-5 დღე. შემდეგ იწყება გამონაყარის პერიოდი ყურის ნიჟარებიდან, ლოყებიდან, ცხვირიდან, შემდეგ ვრცელდება ტანზე და კიდურებზე. გამონაყარს აქვს წითელი ლაქოვანი ფერი, რომელიც იწყება თავიდან და ალაგებაც აქედან ხდება. გამონაყარის შემდეგ დარჩენილი ლურჯი ლაქები სამი დღის განმავლობაში ნელ-ნელა ქრება.
_ როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა?
_ უმთავრესად ავადმყოფები რჩებიან ბინის პირობებში, მათი გადაყვანა საავადმყოფოში ხდება მხოლოდ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას. დიდი მნიშვნელობა აქვს წოლითი რეჟიმის დაცვას, რომელიც გრძელდება ტემპერატურის ნორმალიზაციიდან 1-2 დღის შემდეგაც. საჭიროა ავადმყოფის ოთახი ხშირად ნიავდებოდეს, პაციენტს სინათლე არ უნდა ეცემოდეს თვალებზე.
_ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას?
_ წითელას ხშირი გართულებაა კატარული ოტიტი. შესაძლოა, კატარაქტა განვითარდეს, ასევე საშიშია კრუპის თვალსაზრისითაც. ამ დროს ბავშვები ვეღარ სუნთქავენ და შესაძლოა, მოხრჩობაც კი გამოიწვიოს.
_ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?
_ თუკი კონტაქტში მოხვდით დაინფიცირებულ ადამიანთან, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ არ გადაგედებათ. ასევე, თუ ოჯახის წევრი დაინფიცირდა, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ აცრა. დაავადებისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინქციით ხდება.
_ თუკი ადამიანს გადატანილი აქვს ყბაყურა და წითურა, შეხვდება თუ არა წითელა?
_ ეს სხვადასხვაAდაავადებებია და სრულიად შესაძლებელია, რომ ყბაყურასა და წითურას შემდეგ პაციენტს წითელაც შეხვდეს.
_ შესაძლებელია თუ არა ავადმყოფს მეორედ შეხვდეს წითელა?
_ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და მხოლოდ იმ პაციენტებში ვლინდება, რომელთაც იმუნოდეფიციტი აქვთ.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები