სტატისტიკური მონაცემებით, დღეს მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი სმენასთან დაკავშირებულ პრობლემას უჩივის. თუ ადრე სმენის დაქვეითებას ძირითადად ასაკოვანი ადამიანები უჩიოდნენ, დღეს ის ბავშვებისა და მოზარდების პრობლემადაც იქცა. ყოველ მეორე მოზარდს ყურსასმენი უკეთია, რადგან თვლიან, რომ პრაქტიკული და მოსახერხებელი ნივთია, თუმცა, ის შესაძლოა მათი მტერიც კი აღმოჩნდეს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, "ყურსასმენი-საცობი" სმენისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მისი გამოყენებისას ბგერები მიდის ყურის არხში, ნიჟარის გვერდის ავლით. ასეთი მოსმენის დროს, დატვირთვა სმენის არხზე სულ მცირე ხმაზეც კი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი გარე ბგერების მოსმენისას, ამიტომ ყურსასმენების ხანგრძლივი მოხმარება სმენის ნაწილობრივ დაქვეითებას იწვევს და შესაძლოა, სიყრუემდეც მიგვიყვანოს. "სპექტრი" იმ მოზარდებს ესაუბრა, რომლებიც ყურსასმენებს ხშირად იყენებენ.
-"ნაოშნიკებით" მუსიკას მუდმივად მაღალ ხმაზე ვუსმენ. როცა სადმე მივდივარ, ეს გართობის ერთგვარი საშუალებაა და არ მგონია სმენაზე მოქმედებდეს," _ გვითხრა ნანა სეფიაშვილმა.
-"ყოველდღე ვუსმენ მუსიკას, სახლშიც და ქუჩაშიც, საშუალო ხმაზე. გამიგია, რომ სმენაზე მოქმედებს, მაგრამ მაინც ვერ გადავეჩვიე," _ გვითხრა გვანცა ბერიკაშვილმა.
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ოტოლარინგოლოგის დიმიტრი ლაპიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მოზარდები ხშირად მიმართავენ აღნიშნული პრობლემით, თუმცა ამას სისტემური ხასიათი არ აქვს.
-"მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სმენის დაქვეითება 10 წლის ასაკიდან იწყება, რაც ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, ძალიან ძნელად მიმდინარე პროცესია. ადამიანს სმენა უკვე 65-68 წლის ასაკისთვის აკლდება. სმენის დაქვეითებას აჩქარებს შემდეგი პროცესები: ბგერითი ტრავმა, როგორიცაა `ტრანგალეტკის გრუჩიტელის~ ხმაური, ელექტრო-ბენზინის ხერხის ხმაური, მაღალ ხმაზე მუსიკის `ნაოშნიკებით~ მოსმენა. ასეთ ვითარებაში, მუსიკას რომ გათიშავ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს დაყრუვდი, დაბალი ბგერები აღარ გესმის, იმიტომ, რომ ხდება სმენის ადაპტაცია მაღალ ხმაზე. დროთა განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიდის სმენის დაქვეითება. თუ ადამიანები დიდხანს ხმარობენ ყურსასმენს ან დიდხანს მუშაობენ ხმაურიან წარმოებაში, სმენის დაქვეითებას 40-45 წლის ასაკში ამჩნევენ. განკურნება ძალიან ძნელად ხდება და ნაკლებად ეფექტურია," _ აღნიშნა დიმიტრი ლაპიაშვილმა და ახალგაზრდებს რეკომენდაციის სახით რჩევებიც მისცა:
გაუფრთხილდით სმენას ისევე, როგორც თვალის ჩინს;
ნუ გამოიყენებთ ყურსასმენებს;
მოუსმინეთ მუსიკას მუსიკალური ცენტრიდან, მინიმუმ 3-4 მეტრის მოშორებით.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები