როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს მოვხსნით-ზურაბ აზარაშვილი
დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ
აზარაშვილის განცხადებით, მსჯელობის შემდეგ, თუ სამინისტრო
დარწმუნდება, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები
სამართლიანია, წლიური ლიმიტი მოიხსნება.
„როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული
ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით და
ბენეფიციარები მიიღებენ სრულყოფილ სერვისს როგორც ამბულატორიულ
ნაწილში, ისე - მედიკამენტების კუთხით“, - განაცხადა ზურაბ
აზარაშვილმა.
უწყება მზად არის, ლიმიტი საერთოდ გააუქმოს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს
შეუძლებელია, რადგან, 1000-ლარიანი მედიკამენტი, რომელიც ბენეფიციარს,
წლის განმავლობაში, 25 კოლოფი ესაჭიროება, მოულოდნელად, 3000 ლარი
გახდა.
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც
ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და
თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით,
რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ
სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური
პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი ამ
ეტაპზე 25 000 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები