დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ
აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო ჩარევის ფასი DRG-ის (
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) მეთოდოლოგიის საბაზისო ტარიფის მიხედვით
გამოითვლება.
მისივე თქმით, ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სახელმწიფო,
მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
„DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ
აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის
სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი
მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის
დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები
განსაზღვრავს.
მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და
იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის
სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.“ - აღნიშნულია
განცხადებაში.
უწყების განმარტებით, სისტემის დანერგვის შემდეგ, საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, ერთსა და იმავე
მომსახურებას ექნება ერთი ტარიფი.
რაც გულისხმობს იმას, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებისას,
პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ
თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში,
თანაგადახდის წილი ითვალისწინებს 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამის პაკეტების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ
გავრცელდება და დაფინანსება გაგრძელდება არსებული მეთოდით შემდეგ
სამედიცინო მომსახურებაზე:
• გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
• ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური
მოვლა/მკურნალობა
• გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
• მშობიარობა / საკეისრო კვეთა
• ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან
დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
• კომბუსტიოლოგია
• თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
• სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება
მასალის გამოყენების პირობები