საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,
1-ელი ნოემბრიდან სამედიცინო ჩარევის ფასი DRG-ის ( დიაგნოზთან
შეჭიდული ჯგუფები) მეთოდოლოგიის საბაზისო ტარიფის მიხედვით
გამოითვლება.
მინისტრის განმარტებით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და
სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის
დანერგილი.
„დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების
დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისები, რომელთათვისაც ტარიფები იყო
განსაზღვრული, დღეს უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და გამოყვანილი
საბაზისო ტარიფის და DRG-ის წონის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ
სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან
მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს მეთოდი არის ყველაზე
პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია
სხვა ქვეყნებში დანერგილია.
ჩვენთანაც იყო რამდენიმე მცდელობა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან
მოყოლებული, რომ ეს სისტემა საქართველოშიც ყოფილიყო. შემდეგ 2016
წლიდან განახლდა ეს სისტემა, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კოდების
მისანიჭებლად და იმ სწორი გამოთვლის მექანიზმის შესამუშავებლად.
წელს იანვრიდან გავააქტიურეთ ეს საკითხი და როგორც გვქონდა
დაანონსებული, უკვე 1-ელი ნოემბრიდან მზად ვართ, რომ ეს სისტემა
გავუშვათ. ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები
პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება
ჩვენი ბრძანებით.
ყოველწლიურად ჩვენ რასაც რეფერალის სისტემიდან ვაფინანსებდით
ონკოლოგიურ შემთხვევებს, ესეც საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაგვაქვს და
ყოველწლიურ ლიმიტს 20 000-დან 25 000 ლარამდე ვზრდით. ეს
მომართვიანობის მინიმუმ 90%-ს დაგვიფარავს.
აღნიშნული მოდელით ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტროლი იქნება და ამ კუთხით
კლინიკას ფინანსური მოტივაციაც აღარ ექნება. სამწუხაროდ, იყო
შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდება ჩარევები და ფინანსური
მოტივაციის გამო იყო იმაზე მეტი ჩარევა პაციენტის სამკურნალოდ, ვიდრე
საჭირო იყო. DRG სისტემა ამ ყველაფერს გადააზღვევს, რადგან ერთი DRG
კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებად გადახდა აღარ
მოხდება.
რაც შეეხება პაციენტს, მისი ჯიბიდან გადახდის დაზღვევა მკაცრად
გაკონტროლდება.
პირველი შემთხვევის დროს იქნება ჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევის
აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკას შეეზღუდება საყოველთაო ჯანდაცვის
დაფინანსება და ის ამ პროგრამიდან ჩაეხსნება. ეს იმაზე მკაცრი
სანქციაა, ვიდრე ფულადი ჯარიმა კონკრეტულ შემთხვევაზე,“-
განაცხადა დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ
აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, DRG
სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
• გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
• ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური
მოვლა/მკურნალობა
• გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
• მშობიარობა / საკეისრო კვეთა
• ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან
დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
• კომბუსტიოლოგია
• თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
• სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება
მასალის გამოყენების პირობები