ინფიცირების შემთხვევები სრულად მართვადია - ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსთან
დაკავშირებით ქვეყანაში პანიკისა და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ
არსებობს. შესაბამისად, ვირუსის პრევენციისთვის დღის წესრიგში არ დგას
შეზღუდვებისა და ჩაკეტვების საჭიროება.
მისი განმარტებით, არსებული მონაცემებით, პირბადეების საჭიროება
არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება.
„ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს.
ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ
ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში შედარებით მეტია, თუმცა ჩვენს
შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. მაგალითად, ერთი კვირის წინ
საშუალოდ დღიური შემთხვევა თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500, 3 მლნ
700 000-იან ქვეყანაში. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა
დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის
საფუძველი არ არსებობს. მათ, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალში მკურნალობა,
მზად ვართ, რომ ჰოსპიტალში ვუმკურნალოთ. ვისაც სჭირდება კონკრეტული
მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ
„ფაიზერის“ წარმოების ეს მედიკამენტი - „პაქლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და
ადგილზე გვაქვს. სულ რამდენიმე ქვეყანას შორის ვიყავით, რომელმაც
პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და
რისკებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ეს მედიკამენტი შევთავაზოთ. ასევე,
მსურველებს, რასაკვირველია, შეუძლიათ აცრის გაგრძელება და ვთავაზობთ
სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინფექციონისტები ადასტურებენ,
რომ საშიში და საპანიკო არაფერია.
„შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის და დარწმუნებული ვარ,
რომ არც იქნება“, -აღნიშნა აზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები