დაავადებათა კონტროლი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო დაავადებათა კონტროლის
ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს.
გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა
გართულებები და ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს. ავადმყოფმა სიმპტომების
გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
უწყების ინფორმაციით, გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს
ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის
ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან ზედაპირებით.
გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ ესაჭიროებათ
სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები.
მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის
საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა
ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების
სამკურნალოდ.
ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის
დაავადების ადრეულ ეტაპზე - დროული და გართულებების გარეშე
გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო. მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები
სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი
რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს
სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება - მიმართეთ ექიმს.
2018-19 წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკ ჯგუფებად
განისაზღვრა:
• ორსულები;
• 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;
• დიალიზზე მყოფი პირები;
• ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი
მომსახურე პერსონალი;
• C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის
საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
• აივ ინფიცირებული პირები;
• სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.
საქართველოში, მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია სახელმწიფომ
2012-2013 წლების სეზონიდან დაიწყო, ყოველწლიურად მზარდი ოდენობით.
2018-2019 წლების სეზონზე სახელმწიფოს მიერ გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინა უსასყიდლოდ მიეწოდა 41 000-მდე მოქალაქეს, 15 000-მდე - აიცრა
კერძო სექტორში. მომავალი სეზონისთვის სახელმწიფო, მოქალაქეთათვის, 80
000 დოზა გრიპის ვაქცინის შეძენას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები