რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ პრეპარატი „ტამიფლუ“ და ვის ეკუთვნის უფასოდ
საქართველოში H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის შედეგად დაავადებულთა
რაოდენობამ იმატა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ექიმმა ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ აღნიშნა, გუშინდელი
მონაცემებით მიმართვიანობის 1080 შემთხვევა დაფიქსირდა.
„სამი იანვრის შემდეგ ჯეოჰოსპიტალსში მიმართვიანობამ მოიმატა. გრიპის
ვირუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაბორატორიულად დადასტურებული არ
არის, მაგრამ მაღალი ტემპერატურა, სახსრების და თავის ძლიერი ტკივილი,
ზოგჯერ ღებინება და კუჭნაწლავის აშლილობა, მიუთითებს იმაზე, რომ
გრიპზე უნდა მივიტანოთ ეჭვი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ რისკ
ჯგუფებში მყოფ ადამიანებს: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს, 65 წელს
გადაცილებულებს და ქრონკულად დაავადებულებს. მათ რიცხვში შედის:
დიალეზზე მყოფი, თირკმელების უკმარისობისა და გულსისხლძარღვთა
დაავადებების მქონე პაციენტები, ასევე ჭარბწონიანებიც. გუშინდელი
მონაცემებით 1080 მიმართვიანობა ფიქსირდება, აქედან 180 მწვავე
რესპირატორული ინფექცია. მაღალი ტემპერატურით სტაციონარში 273
პაციენტი მოხვდა.“
მარინა კაპანაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში
ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ მარაგი არის, რომელიც გარკვეულ
კატეგორიებზე უფასოდ გაიცემა.
„პრეპარატი უფასოდ გაიცემა აუცილებლობის შემთხვევაში: ხუთ წლამდე
ასაკის ბავშვებზე, ქრონიკულად დაავადებულებზე, ორსულებსა და
პენსიონერებზე. მათ უნდა წარმოადგინონ ოჯახის ექიმის მიერ გაცემული
ფორმა ასი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრეპარატი ეფექტურია 48 საათის განმავლობაში
აღმოჩენილი გრიპის შემთხვევაში. თუ ავადმყოფს სამი დღე აქვს სიცხე და
პრეპარატს მიიღებს, უარყოფითი შედეგების გარდა არაფერი მოაქვს. მას
დადებითი თვისებების გარდა უარყოფითი ეფექტიც გააჩნიას. ტამიფლუს
მიღება არ შეიძლება იმ დროს, როდესაც პაციენტს აწუხებს: თირკმელების
და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. საჭირო დოზას ოჯახის ექიმი
განსაზღვრავს. პრეპარატზე ყოველდღიური აღრიცხვა გვაქვს. უკვე გავეცით
ორი კოლოფი, ერთი ორსულზე და ერთიც - ბავშვზე. წამალი აფთიაქებში
რეცეპტით გაიცემა.“
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მძიმე შემთხვევები
და სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები