წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა 2017
წლის აგვისტოდან აღინიშნა. 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით,
ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში
86.
„წითელას სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მისი პრევენციის
ერთადერთი საშულება არის ვაქცინაცია. ბავშვები იცრებიან ორჯერადად,
0-დან 1 წლამდე და 5 წლის ასაკში. დამცველობითი ეფექტი კი ძალიან
მაღალია. ყველა მშობელმა უნდა გადაამოწმოს ბავშვის აცრის სტატუსი
წითელა- წითურა -ყბაყურას საწინააღმდეგოდ. თუ გამოტოვებულია რომელიმე
აცრა უნდა მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში. “-აღნიშნა დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
უწყების ინფორმაციით, მწვავე ვირუსული ინფექციისგან თავის დაცვის
მიზნით სამკომპონენტიანი ვაქცინა გამოიყენება. წითელას საწინააღმდეგო
აცრის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია და დამატებითი იმუნიზაციისთვის
ქვეყანაში მისი შესაბამისი რესურსია. საქართველოში წითელას
ფართომასშტაბიანი ეპიდემია 2004-2005 წლებში გამოვლინდა. დაფიქსირდა
დაავადების 8.391 და გარდაცვალების - 9 შემთხვევა, ხოლო 2013-2015
წლებში დაავადებულთა რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა, ამათგან ლეტალურად
დასრულდა - 4.
ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება
დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე
გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს.
წითელას ვირუსის გადაცემა ჰაერწვეთოვანი გზით ხდება.
მასალის გამოყენების პირობები