მარინა პეტრიაშვილი
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ დაავადებასთან დამოკიდებულება, ჩვენს საზოგადოებაში პირდაპირ სიკვდილის შიშთან ასოცირდება. სპეციალისტების თქმით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მკურნალობას დროულად დაიწყებს, დაავადების განკურნება სავსებით შესაძლებელია. ადამიანის კიბოთი დაავადებას, ორგანიზმში უჯრედების უწესრიგო გაყოფა იწვევს. შესაძლოა, სწორედ ზედმეტმა უჯრედებმა წარმოქმნას სიმსივნე, რომელიც ორი სახისაა: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.
კეთილთვისებიანი სიმსივნის ქირურგიულად მოცილება შესაძლებელია, რადგან სხეულის სხვა დანარჩენ ორგანოებზე არ ვრცელდება და ამიტომ ნაკლებად საშიშია. დაბალია მისი ხელახალი წარმოშობის რისკიც. ავთვისებიან სიმსივნეს (კიბო) კი შეუძლია სხვა ორგანოებიც დააზიანოს. დაავადების სამკურნალოდ სამი ძირითადი მეთოდი გამოიყენება: ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული.
ქიმიოთერაპია მედიკამენტებით მკურნალობის ერთ-ერთი სახეობაა და ონკოლოგიაში ყველაზე ფართოდ გამოიყენება. რადიოთერაპია გულისხმობს სიმსივნური დაავადების მკურნალობას გამოსხივების გამოყენებით.
ქირურგიული მკურნალობა ნიშნავს დაავადების დროს ქირურგიულ ჩარევას. სიმსივნურ პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი მკერდის კიბოს უკავია. მარტო 2005 წელს სიმსივნით მთელს მსოფლიოში 502 000 ადამიანი გარდაიცვალა.
სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეოცე ქალი მსოფლიოში ამ სენით არის დაავადებული. სავალალო მდგომარეობაა საქართველოშიც. დადგენილია, რომ ამ დაავადებით სიკვდილიანობა ერთი-ორად მცირდება, თუ ქალები 40 წელს ზემოთ, წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხავენ ექიმს და საჭირო გამოკვლევებს ჩაიტარებენ. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რამდენად აკითხავენ ექიმს აღნიშნული სენით დაავადებული ადამიანები? _ ამ საკითხებზე კახეთ-იონის ექიმ-რადიოლოგი, მამოლოგი გელა გელაშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, მკერდის მამოგრაფიაზე პაციენტები ხშირად აკითხავენ და საბედნიეროდ, კიბოს შემთხვევები ხშირი არ არის. "2 წელია, რაც ჩვენს რაიონში სკრინინგის პროგრამა მიმდინარეობს და ამ ხნის გნმავლობაში, ყოვლდღიურად 20-25 პაციენტი გვაკითხავს. მაგრამ არის ერთი ფაქტორიც, იმის შიშით, რომ სიმსივნე არ აღმოაჩნდეთ, ბევრი მათგანი ამ გამოკვლევისგან თავს იკავებს. საეჭვო შედეგები საბედნიეროდ ხშირად არ გვაქვს, შესაძლოა, კვირაში 2-3 შემთხვევა შეგვხვდეს და იმასაც შემდეგი გამოკვლევებისთვის სათანადო კლინიკაში ვაგზავნით," _ გვითხრა გელა გელაშვილმა. მან აქვე სტატისტიკაზე ისაუბრა, რაც ამ დროისთვის გურჯაანის რაიონში ფიქსირდება.
"სტატისტიკური მონაცემებით 2009 წლის 14 ოქტომბრიდან-31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის 1 იანვრიდან-31 დეკემბრის ჩათვლით, გამოკვლევის მიხედვით 44 ავთვისებიანი სიმსივნეა გამოვლენილი. 2011 წლის მონაცემებით _ 48, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული," _ გვითხრა ექიმმა რადიოლოგმა გელა გელაშვილმა. ის ქალბატონებს ურჩევს, ნებისმიერი ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში თვითნებურად არ მიიღონ პრეპარატები და სასწრაფოდ მიმართონ ექიმს, რადგან დროული კონსულტაციით და სათანადო მკურნალობით მკერდის კიბოს დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები