58 წლის ახმედ ახმედოვი იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარის მკვიდრია.
სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, სამი შვილი კი მოსკოვში ჰყავს.
ადრე ცხვრის მოშენებითა და მოვლით იყო დაკავებული, რამდენიმე თვეს
შირაქში ატარებდა. ახლა კი, მეცხვარეობაზე უარი თქვა და მხოლოდ სახლში
საქმიანობს. ჩვენს კითხვაზე, იცის თუ არა რა არის აივ ინფექცია და
შიდსი, ამბობს, რომ მხოლოდ ტელევიზიით თუ სმენია რამე, ისიც
ზედაპირულად.
„რა ვთქვა აბა, შეიძლება მეც მჭირდეს ეგ რაღაც, მაგრამ არ ვიცოდე.
უბრალოდ, ტელევიზიით გამიგია. რა არის შიდსი, როგორ ვრცელდება, რა
ჩივილები აქვს და რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის, დეტალური
ინფორმაცია არ მაქვს. არც ის გამიგია, სად შეიძლება მივიდე და ანალიზი
გავიკეთო. თუ ჩვენამდეც მოვა ინფორმაცია, კარგი იქნება. მიგდებული
სოფელია, თორემ ქალაქში ალბათ უფრო მეტი ეცოდინებათ ამის
შესახებ,
“-გვეუბნება ის.
19 წლის ელვინ ქარიმოვი იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამიდანაა. ის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში მოსამზადებელი
კურსის სტუდენტია. მომავალ წელს სწავლის გაგრძელებას პოლიტიკურ
მეცნიერებებზე გეგმავს. ელვინმა კარგად იცის, რა დაავადებაა შიდსი,
ისიც იცის, რომ ხალხმა მას მე-20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა. ამბობს,
რომ მათ თემში ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა,
განსაკუთრებით კი უფროს თაობაში. ინფორმაცია აქვს გავრცელებულ
სტერეოტიპზეც.
„არსებობს ისეთი მოსაზრება, რომ ვინც შიდსითაა დაავადებული, ახლოს
აღარ უნდა მიეკარონ, რაც არასწორია. თუკი უსაფრთხოების ნორმებს
დაიცავ, არ გადაგედება. ალბათ, ტრენინგები, ან სხვა ღონისძებები უნდა
ჩატარდეს, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.“
შიდსი შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომია, რომელიც აივ ინფექციის
ფონზე ვითარდება. „აივ ინფექცია ძირითადად აზიანებს იმუნურ სისტემას.
შიდსი კი ბოლო სტადიაა, რომელიც უმეტესწილად სიკვდილიანობით
მთავრდება. დაავადების გადაცემის ძირითადი გზა სისხლია. ინფექციის
წყარო შეიძლება გახდეს არასათანადოდ გასტერილებული სამედიცინო,
ტატუირებისა და პირსინგირების იარაღი. რისკ ჯგუფებად მოიაზრებიან
დიალეზზე მყოფი პირები, სამედიცინო პერსონალი, მეძავები, ინტრავენული
ნარკომანები. ინფექციის წყარო ძირითადად არის ადამიანი, რომელიც
აივინფიცერებულია. დაავადების გამოკვეთილი კლინიკური ნიშნები არ
არსებობს, მაგრამ მაინც გამოყვეს რამდენიმე სიმპტომი. ესენია, საერთო
სისუსტე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, კუჭ-ნაწლავური აშლილობა,
ოფლიანობა ღამით და წონაში კლება, “ - ამბობს გურჯაანის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი ეკა
ბურდიაშვილი.
მისივე თქმით, ინფიცირების რამდენიმე სტადია არსებობს.
„პირველი ეს არის ფანჯრის სტადია, როდესაც ადამიანი ვირუსის
მატარებელია, თუმცა სისხლის ლაბორატორიული ანალიზი ამას ვერ ადგენს.
მეორე სტადია კლინიკური ნიშნების უმნიშვნელო ცვლილებითაა გამოხატული,
რომელიც 3-5 წელს მოიცავს. მესამე სტადია მანიფესტირებული კლინიკური
ნიშნებით მიმდინარე პროცესია, როდესაც უკვე მნიშვნელოვნად ზიანდება
იმუნური სისტემა და სერიოზული დაავადებები ვითარდება. ბოლო სტადია კი
არის შიდსი. ამ დროს ადამიანი უკვე აღარ არის ისეთი აქტიური,
ჯანმრთელობის დიდი პრობლემა აღენიშნება, ეს სტადია სიკვდილიანობით
მთავრდება.“
2016 წლის ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის მიხედვით,
საქართველომ აიღო ვალდებულება ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა
განახორციელოს გადამდებ დაავადებებზე, მათ შორისაა შიდსი და აივ
ინფექცია. პრევენციულ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რამდენიმე
კუთხით ატარებს.
„მიმდინარეობს ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება, რაშიც
ერთობლივად მონაწილეობენ, როგორც საჯარო სამსახურები, ასევე
სამოქალაქო საზოგადოება. მოგეხსენებათ, ამ დაავადებას ახასიათებს
სტიგმა, ბევრი ადამიანი ერიდება, რომ კონსულტაციისთვის სამედიცინო
დაწესებულებაში მივიდეს და ურჩევია სამოქალაქო სექტორთან
ითანამშრომლოს. პრევენციული ღონისძიებები ძირითადად მიმართულია ქცევის
შეცვლისკენ. ქცევის შეცვლაში იგულისხმება პრეზერვატივის გამოყენება,
სწორი სქესობრივი ურთიერთობები, ინექციური ნარკოტიკების
მომხმარებლებთან მუშაობა, უსაფრთხო ერთჯერადი შპრიცების გამოყენება და
ა.შ. შერჩეული გვყავს სამიზნე აუდიტორია, ანუ ე.წ რისკ-ჯგუფები, სადაც
უფრო მნიშვნელოვანია ღონისძიებების ჩატარება. ესენი არიან კომერციული
სექს-მუშაკები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ჰომოსექსუალური
ურთიერთობის მქონე მამაკაცები, ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა იცოდნენ,
თუ როგორ იცხოვრონ სწორად. შიდსი არ არის ის თემა, რომ შეკრიბო
ადამიანები ბირჟაზე და ისე ელაპარკო. შეხვედრები ტარდება სკოლებში,
უნივერიტეტებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში.“ - ამბობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, პირველ დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ
2018 წლიდან აივ-ინფექციის მკურნალობას საქართველოში მთლიანად
სახელმწიფო დააფინანსებს.
„ამ დროისთვის, თუკი მოქალაქეს დაუდასტურდება აივ-ინფექცია, ყველა
დანარჩენ გამოკვლევას და მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. აქამდე
ეს ლიმიტირებული იყო და პროგრამაში ყველა პაციენტი პაციენტი ვერ
ერთვებოდა. 2018 წლიდან აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
წამლები გაიცემა მხოლოდ თბილისში, კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის
სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში.“
კახეთში აივ-ინფექციის ლაბორატორიული კვლევა თელავშია შესაძლებელი.
მომსახურება უფასოა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და
არასამთავრობო ორგანიზაციაში „ნაბიჯი მომავლისკენ“.
ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“თელავის ოფისის კოორდინატორის კახა
გემაზაშვილის თქმით, მათ კონტინგენტს მხოლოდ ინექციური ნარკოტიკების
მომხმარებლები წარმოადგენენ.
„პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, „ზიანის შემცირება“ ჰქვია.
კვლევის ჩატარება პროგრამაში ნებისმიერი მსურველისთვის არ გვაქვს
გაწერილი. გვყავს სოციალური მუშაკები, რომლებსაც ასე ვთქვათ, თავიანთი
კლიენტები ჰყავთ. წელიწადზე მეტია , მობილური ლაბორატორიაც გაგვაჩნია,
კახეთის მასშტაბით გავდივართ და კვლევას ადგილზე ვატარებთ. ეთნიკურ
უმცირესობებს რაც შეეხება, უშუალოდ ორმუღანლოს თემში არ ვყოფილვართ,
მაგრამ აქცია გვქონდა ყარაჯალაში.მიმდინარე წელს აივ-ის 10 შემთხვევა
გამოვლინდა. ჯერ კეთდება ტესტი, რომელიც ადგენს ანტისხეულის
არსებობას, შემდეგ სისხლი შიდსის ცენტრში იგზავნება.“
ცნობისთვის, ევროპაში ყოველდღიურად ინფიცირების 400-მდე ახალი
შემთხვევა ფიქსირდება. ამ მხრივ, სიტუაცია განსაკუთრებით რთულია
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
ინფორმაციით, საქართველოში აივ-ინფექციისა და შიდსის შემთხვევები
ყოველწლიურად იმატებს. თუ 2006 წელს ეს რიცხვი 1 156 იყო, 2015 წელს 5
412 შეადგინა.
ინფორმაციისთვის
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ალადაშვილის ქუჩა #2-ში
მდებარეობს. აივ-ინფექციასა და შიდსზე ანალიზის აღება შესაძლებელია
სამუშაო დღეებში, 10:00სთ-დან 15:00 სთ-მდე. პასუხის გაგება 5 წუთშია
შესაძლებელი. თუკი აივ-ინფექცია დადასტურდა, სისხლი შემდეგი
კვლევისთვის კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო პრაქტიკულ
ცენტრში იგზავნება, რომელიც ქალაქ თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის
გამზირის #16-ში მდებარეობს. დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაც ამ
ცენტრში ანალიზის პირველად აღება სურთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ
მომსახურებით სარგებლობა 10:00 სთ-დან 14:00-სთმდე გრძელდება.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას „ნაბიჯი მომავლისკენ“, მათი
მისამართია თელავი, ნინოშვილის ქუჩა #39. ლაბორატორიული კვლევის
ჩატარება შესაძლებელია ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა 11:00 სთ-დან
17:00 სთ-მდე.
სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
მასალის გამოყენების პირობები