დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად
მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების რაოდენობა.
დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი
მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული
შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები).
ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის
მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული
საკვების მიღებას.
დიარეული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი
პრევენციული ღონისძიებების გატარება:
• წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს
არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების
მოსამზადებლად;
• არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში
დარწმუნებული არ ხართ. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის
განმავლობაში;
• სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების
გამოყენება; უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც
იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;
• შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ
გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა
სითხის შესანახად);
• ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად;
საკვების მოსამზადებლად; სასმელების დასამზადებლად
ყინულის მოსამზადებლად; ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის
გასარეცხად; ხელების დასაბანად.
მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით
ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად
უნდა შეიწვას ან მოიხარშოს; მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ
კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით,
მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი
პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები
- თავდახურულ ჭურჭელში;
არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე
გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი; საკვებად არ გამოიყენოთ
ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები; არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის
პროდუქტები; სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ
სუფრაზე მიტანის წინ; მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ
გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ
საღი, ახლად გაფცქვნილი; არ შეიძინოთ ხორცი და ხორცის პროდუქტები
რომლებიც იყიდება ან ინახება არასათანადო პირობებში;
დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების
მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების
მოვლაში; დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე
აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავეთ კვებისა და ანტიბაქტერიული
წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური
სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან
ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან
ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს; დაუშვებელია თვითმკურნალობა,
არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების
ჩამოყალიბებას.
ყურადღება მიაქციეთ საკვების მომზადებისა და მოხმარებისას
ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენის წესების დაცვას.
ხელების საპნითა და გამდინარე წყლით ხშირი დაბანა დაგიცავთ მრავალი
დაავადებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მცირე წყალსატევებში
ბანაობისას. მოერიდეთ ასეთი წყლის ჩაყლაპვას და დაიცავით ჰიგიენის
წესები. ნუ დააბინძურებთ წყალს, რომელშიც ბანაობთ.
მასალის გამოყენების პირობები