65 წლის ლეილა გასანოვასთვის საქართველო სოფელ კაზლარში იწყება. მთელი
ცხოვრება აქ გაატარა. კაზლარში დაიბადა და ოჯახიც ამავე სოფელში
შექმნა.
ხუთი შვილისა და ცხრა შვილიშვილის ბებია ახლა სახსრების ტკივილს
უჩივის. ამბობს, რომ ექიმის კონსულტაცია სისტემატურად სჭირდება. თუმცა
თავად დამოუკიდებლად შორს გადაადგილებას ვერ ახერხებს. მეზობელ
სოფელში, 7 კილომეტრის მოშორებით, ამბულატორიაში წასვლა მისთვის
შორეული ოცნებაა. ლეილას ერთადერთი იმედი მედდა მოითაფარაა.
"ხანშიშესული ქალი ვარ, ფეხები მტკივა და მეზობელ სოფელში წასვლა არ
შემიძლია. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ამბულატორია არასოდეს გვქონია.
ექიმი მხოლოდ მუღანლოში მოდის. ხომ შეიძლება მიხედონ სოფელს, რომ
ავადმყოფობის დროს სხვაგან წასვლა აღარ დაგვჭირდეს. ეს რა, საქართველო
არ არის?"
ლეილა გასანოვას ორი მცირეწლოვანი შვილიშვილის ჯანმრთელობაზეც ექთანი
მოითაფარა ზრუნავს, რადგან სოფელში არც პედიატრი ჰყავთ.
"ასეთი მრავალრიცხოვანი სოფელია და ერთი პატარა ოთახი მაინც ხომ უნდა
იყოს, რომ ექიმი თუნდაც კვირაში ორჯერ მოვიდეს. ჩვენ კიდევ რამეს
მოვახერხებთ, პატარა ბავშვები სად ვატაროთ? თუ ცუდად გახდა ვინმე
სასწრაფოს გამოძახება გვიწევს, რომელსაც წვიმიან ამინდშიც კი უჭირს
აქამდე მოსვლა. " -ამბობს ლეილა გასანოვა.
იორმუღანლოს ორმოციათასიან თემს მუღანლოში მდებარე ერთი ამბულატორია
ემსახურება. შენობა 2010 წელს ევროკავშირის სტანდარტებით აშენდა და
მას შემდეგ ფუნქციონირებს.
"ამბულატორია შაბათ-კვირის გარდა დილის ათი საათიდან ექვსის
ნახევრამდე ღიაა. გვყავს ხუთი ოჯახის ექიმი და ხუთი ექთანი. აქედან
ორი პედიატრია და სამი თერაპევტი. ყველას ოჯახის ექიმის კურსები აქვს
გავლილი და სერტიფიკატებიც აქვთ. ჩვენთან აცრებიც ტარდება. ექიმები
კარდაკარ დადიან და პაციენტებს ემსახურებიან. თუ მძიმე ავადმყოფია,
მიმართვას ვაძლევთ და საგარეჯოში ვაგზავნით. ლაბორატორია ერთი დღე
მუშაობს. მართალია, ყველა ანალიზი ვერ კეთდება, მაგრამ საერთო
ანალიზის გაკეთება მაინც შესაძლებელია." - გვიხსნის მუღანლოს
ამბულატორიის მენეჯერი, ოჯახის ექიმი ბაშირ მახმუდოვი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულება ჯანდაცვის სისტემის
განმტკიცებას მოიცავს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია პირველადი
ჯანდაცვა. მათივე განმარტებით, 2016 წლის ასოცირების სამოქმედო
გეგმაში ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაა
გათვალისწინებული. ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავების
პროცესი და მთავარი მიმართულებებია ე.წ. "მეკარიბჭის" ფუნქციის
მინიჭება პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის, შესაბამისად, სტაციონარული
სერვისებზე მოთხოვნების შემცირება, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის
გადამზადება და მათი სტიმულირება ხელფასისა თუ სხვა მეთოდებით.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი თენგიზ ვერულავა თავის ნაშრომში, რომელიც
სამეცნიერო ჟურნალ "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევაში" გამოქვეყნდა,
აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვა სისტემის საძირკველია, თუმცა ის
საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული.
"ცნება პირველადი ჯანდაცვა მიგვანიშნებს, რომ იგი არის პაციენტის
პირველი კონტაქტი ექიმთან, ერთგვარი "მეკარიბჭე" ჯანდაცვის სისტემაში.
ექიმი ახდენს დაავადების პირველად შეფასებას, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში პაციენტს მიმართავს ექიმ-სპეციალისტებთან. თუმცა,
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა ნაკლებად არის
განვითარებული და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გარკვეული
მიზეზების გამო ამბულატორიებში პაციენტების მიმართვიანობა მცირეა.
ისინი ექიმის გვერდის ავლით თვითმკურნალობას ეწევიან. პირველადი
ჯანდაცვის ორგანიზებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო
მომსახურებაზე მოსახლეობის ოპტიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა,
რაც გულისხმობს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების 15 წუთიანი
ხელმისაწვდომობის ზონაში მიღების შესაძლებლობას,"-განმარტავს ის.
სოფელ კაზლარიდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრი 7 კილომეტრითაა
დაშორებული, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო მომსახურებით
ვერ სარგებლობს. ამაზე მუღანლოს ამბულატორიის მენეჯერი ბაშირ
მახმუდოვიც საუბრობს. მისივე განმარტებით, კარგი იქნება, თუ მოშორებით
მდებარე სოფლებში სამედიცინო პუნქტები მაინც გაიხსნება.
"ადრე საბებიო საფერშლო პუნქტი იყო დუზაგრამაში, ლამბალოსა და
კაზლარში. დღეისათვის ყველა გაუქმებულია. აქედან დუზაგრამამდე 3-4
კილომეტრია, კაზლარამდე კი - 7. მოსახლეობას მართლაც ძალიან უჭირს
აქამდე მოსვლა. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ბავშვის მოყვანაა. ექიმი
სოფლებშიც რომ წავიდეს და იქ მოემსახუროს პაციენტებს, ოთახიც არ არის,
რომ ავადმყოფი გასინჯოს. ასე ხომ ვერ იმუშავებს?! გარდა ამისა, კარგი
იქნება, თუ აქაც გაუმჯობესდება პირობები. გვექნება ნორმალური
აპარატურა და გათბობა, რადგან წლების განმავლობაში სიცივეში გვიწევს
მუშაობა," - აღნიშნა მან.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23
დეკემბრის №01-264/ო ბრძანებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს:
იორმუღანლოს და ქეშალოს მოსახლეობას ემსახურება 2 ექიმი და 2 ექთანი;
თითო ექიმი და ექთანი ემსახურება სოფლებს შემდეგი გეოგრაფიული
მდებარეობის მიხედვით: დუზაგრამა, პალდო და წიწმატიანი; ზემო და ქვემო
ლამბალო; თულარი და კაზლარი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით,
იგეგმება სოფლად სამედიცინო პერსონალის განაწილება საქართველოს
სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის 2015
წლის მონაცემებზე
დაყრდნობით და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებად ახალი
დაყოფის გათვალისწინებით. ამის გამო მოთხოვნილი იქნება ინფორმაცია
ადგილობრივი თვითმმართველობიდან სოფლებს შორის მანძილის თაობაზე.
კონკრეტულ კითხვაზე: აშენდება თუ არა პირველადი ჯანდაცვის პუნქტები
იორმუღანლოს თემის სოფლებში და რა მანძილი უნდა იყოს სოფლებს შორის,
რომ ასეთი სამედიცინო დაწესებულებები გაიხსნას? - ჯანდაცვის
სამინისტრომ არ გვიპასუხა.
სტატიის აზერბაინაული ვერსია
მასალის გამოყენების პირობები