15 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სილამაზის სალონი
შემოწმდება. დადგენილების თანახმად, სალონში ჰიგიენური ნორმები
მკაცრად უნდა იყოს დაცული.
იარაღების სტერილიზაცია, ხელთათმანების გამოყენება, თეთრეულის ცვლა და
რეცხვის რეგულირება, სტილისტებთან ერთად კოსმეტოლოგებს და მანიკურის
სპეციალისტებსაც მოეთხოვებათ.
მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სალონის მომსახურებით სარგებლობს,
რეგულაციის ამოქმედებას დადებითად აფასებს.
"სტილისტთან ხშირად დავდივარ. გარკვეულწილად, ჰიგიენური ნორმები
დაცულია, მაგრამ რაღაც მაინც შესაცვლელია. ეს განსაკუთრებით უფრო
კოსმეტოლოგს და მანიკურის სპეციალისტებს ეხებათ. არასტერილური
იარაღების გამოყენებამ, შეიძლება ფატალური შედეგი
გამოიწვიოს."-გვითხრა ნელი მათიაშვილმა.
როგორც გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში განმარტავენ,
ეს არის საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიზანია
ინფექციური დაავადების რისკის შემცირება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო
გარემოს უზრუნველყოფა.
"დადგენილება შემუშავებულია c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის
ფარგლებში. ღონისძიება ფართო მასშტაბით მიმდინარეობს. ტექნიკური
რეგლამენტის ამოქმედებით პრევენციული მხარე მოგვარდება.
c ჰეპატიტიტის გავრცელების რისკად სალონები მიიჩნევა. ჩვენს
სამსახურს მათი მონიტორინგი ევალება."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმმა პროფილაქტიკოსმა ეკა
ბურდიაშვილმა.
მან სალონების შემოწმების წესზეც ისაუბრა.
"თითოეული ასეთი დაწესებულება წელიწადში ერთხელ შერჩევით კონტროლს
ექვემდებარება. შემოწმების დროს ადგილზე დგება აქტი, რომელშიც
აღნიშნული იქნება, თუ როგორ მოდის შესაბამისობაში დაწესებულების
სერვისის მიწოდების პირობები ტექნიკურ რეგლამენტთან. აქტში ასევე
აღინიშნება დარღვევა. პარალელურ რეჟიმში დარღვევის აქტი აიტვირთება
ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში. სიტუაციური ანალიზი უკვე
იქ ხდება და შემდეგ იქიდან მოდის რეკომენდაციები და იგეგმება
დამატებითი ღონისძიებები, რომელიც ადგილზე განხორციელდება. "-აღნიშნა
მან.
მისივე თქმით, პირველი ვიზიტისას რეკომენდაციების გაცემა მოხდება.
"შერჩევითი კონტროლის პირველი ვიზიტისას ადგილზე ხდება ჩვენი მხრიდან
რეკომენდაციების გაცემა. თუმცა თუ რამე სერიოზული დარღვევა აღმოჩნდა,
ოპერატორებს მათ გამოსასწორებლად გონივრულ ვადას ვაძლევთ. მეორე
ვიზიტისას თუ დაფიქსირდა, რომ ოპერატორმა აღნიშნული დარღვევა არ
გამოასწორა, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი დგება და
საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. ჯერჯერობით საჯარიმო სანქციები არ
არის ცნობილი."
სტილისტებმა ჩვენთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს, თუმცა
პირად საუბარში აღნიშნეს, რომ მათ სალონებში უსაფრთხოების ნორმები
დაცულია. მათივე განმარტებით, თუ ისინი ამ წესებს დაიცავენ,
იძულებულები იქნებიან, მომსახურების ფასები გაზარდონ.
მასალის გამოყენების პირობები