დიალიზზე მყოფი მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ას ლარს მიიღებენ
დიალიზზე მყოფი მოქალაქეები ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ას ლარს მიიღებენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დიალიზის ცენტრი, ჯერჯერობით, არ გააჩნია, პაციენტებს გურჯაანისა და თბილისის კლინიკებში უწევთ მკურნალობა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინა აღნიშნული დაავადების მკურნალობის სირთულე და 2015 წლის მაისიდან დიალიზზე მყოფ მოქალაქეებს ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დახმარების სახით ასი ლარი გამოუყო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალურ ბიუჯეტში შესატანი შესაბამისი ცვლილების პროექტს საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ჯავახიშვილის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის სტრატეგია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეფექტურია. ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა კი მომსახურეობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.
,,კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას ღირსეული სამედიცინო მომსახურეობა ჰქონდეს. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეულ შეღავათებს ახლა უკვე ჰემოდიალიზზე მყოფი ადამიანებიც მიიღებენ. ეს მათ ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვაში დაეხმარებათ. საკრებულო, ისევე, როგორც გამგეობა, სოციალური პაკეტის სრულყოფისთვის ძალისხმევას არ იშურებს და ვფიქრობ, ახლო მომავალში ეს პაკეტი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება“-განმარტა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა დიალიზის მეთოდით ხდება, მკურნალობის ხარჯებს კი სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს.
მასალის გამოყენების პირობები