სეტყვის საწინააღმდეგო ახალი რაკეტები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა - ჯაბა ლომთაძე
„ახალი რაკეტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“ - ამის შესახებ სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის პროექტების მენეჯერმა ჯაბა ლომთაძემ გუშინ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიტრატი, რომელიც ახალი ტიპის რაკეტებში გამოიყენება, აპრობირებულია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. "მოგეხსენებათ, კახეთში 60-იანი წლებიდან ფირმა „ალაზანის“ 1-1.5 მეტრიან მეტალის რაკეტებს იყენებდნენ, რომელიც ტყვიის იოდიტს შეიცავდა. ახალი სამოქალაქო ტიპის რაკეტები მუყაოს მსგავსი კომპოზიტური მასალებისგან არის შექმნილი და ჰაერში რეაგენტის გაფრქვევის შემდეგ, მისი თვითლიკვიდაცია ხდება. რაკეტა 50 გრამ ვერცხლის იოდიტს შეიცავს. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ნივთიერება ადამიანმა რომც შეჭამოს არაფერი დაემართება“.
როგორც ჯაბა ლომთაძე განმარტავს, ასევე უსაფრთხოა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის გამშვები საცეცხლე წერტილები, რადგან აღნიშნული ტერიტორია სათანადოდაა დაცული. „დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ მოშორებითაა, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კილომეტრითაც კი. ზოგიერთი წერტილი მოსახლეობასთან საკმაოდ ახლოს არის განთავსებული, 100-200 მეტრის მანძილზე. საცეცხლე წერტილები გასროლის პროცესში სასვებით უსაფრთხოა, თუ ვინმე შემოღობილ ფართში არ შეაღწევს. სასურველია, რომ ამ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ, რადგან შესაძლოა დანადგარი მწყობრიდან გამოვიდეს და ფატალური შედეგი მივიღოთ. თვითონ დანადგარი რკინისაა, კარგად არის შეკრული და დაცვის სისტემით აღჭურვილია. რეალურად, ვინმემ რომც შეაღწიოს მის ტერიტორიაზე და რაკეტის ამოღება სცადოს, თითქმის შეუძლებელია. თუმცა ასეთ დროს ჩვენ (მართვის ცენტრს) მოგვეცემა სიგნალი, რის საფუძველზეც შემთხვევის ადგილზე გამოვიძახებთ საპატრულო პოლიციას“.
ჯაბა ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტები გასროლიდან ორ კილომეტრ სიმაღლეზე იშლება და 7 კოლომეტრის რადიოუსს ფარავს.
მასალის გამოყენების პირობები